ანა დოლიძე - თუ პოლიტიკა შეიცვალა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ უამრავმა პირმა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჰყავს გადმობარგებული
ანა დოლიძე - თუ პოლიტიკა შეიცვალა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ უამრავმა პირმა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჰყავს გადმობარგებული

დანაშაულების გამოძიება უნდა გაგრძელდეს და ვინც პოლიტიკაზე იყო პასუხისმგებელი, იმან პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ანა დოლიძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა.

„პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ვინ არის – მინისტრი, მინისტრის მოადგილე, პარლამენტის წევრი. თუ ვამბობთ, რომ პოლიტიკა შეიცვალა, მაშინ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ უამრავმა პირმა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჰყავს გადმობარგებული. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და „ქართულმა ოცნებამ“ საქმეს უნდა მიხედოს“, – განაცხადა დოლიძემ.

ამ განცხადებით ანა დოლიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად სამართლიანია საზოგადოების ერთი ნაწილის მოთხოვნა, რომელიც წინა ხელისუფლების აქტივისტების, საჯარო მოხელეების, თუ სხვა პირების ლუსტრაციას ითხოვს, სად გადის ზღვარი რეპრესიებსა და სამართლის აღსრულებას შორის და რაში ხედავს ის გამოსავალს.

ანა დოლიძემ ასევე განაცხადა, რომ ძალიან დიდი პრობლემაა ძალადობის რიტორიკა, რამაც ამომრჩეველი დაღალა.

„ხალხი ამ რიტორიკით ისე დაიღალა, ტელევიზორს ხშირად აღარ უყურებს. ჩემი და უამრავი მოქალაქის დაკვეთაა, პოლიტიკურმა ძალებმა უარი თქვან რევოლუციურ გზებზე, ძალადობის რიტორიკაზე, რასისტულ, ქსენოფობიურ, სექსისტურ და ა.შ. ენაზე, რაც ჩვენ პოლიტიკურ დისკურსში არსებობს. როცა ვხედავ, რომ შესაძლოა, ხელისუფლებაში ამ რიტორიკის გამტარებელი ძალა მოვიდეს, უსაფრთხოების შეგრძნება არ მეუფლება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.