ანა დოლიძე - ოპოზიცია თუ გადაწყვეტს დიდუბე-ჩუღურეთში კანდიდატის დაყენებას, ეს იქნება ორმეფობის შენარჩუნება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის
ანა დოლიძე - ოპოზიცია თუ გადაწყვეტს დიდუბე-ჩუღურეთში კანდიდატის დაყენებას, ეს იქნება ორმეფობის შენარჩუნება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის

ოპოზიცია თუ გადაწყვეტს, რომ დააყენოს კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთში, ეს იქნება ძალიან სამწუხარო, ვინაიდან, განამტკიცებს იმ გაგებას ხალხში, რომ მთავარი დანიშნულება დღეს არის პოლიტიკური ოლიგოპოლიის, ორპოლუსიანობის, ორმეფობის შენარჩუნება პოლიტიკაში „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, – ამის შესახებ მოძრაობა ხალხისთვის დამფუძნებელმა ანა დოლიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნებში დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება და მისი მთავარი ამოცანაა, დაამარცხოს „ქართული ოცნების“ კანდიდატი.

„ჩემი ამოცანაა, დავამარცხოთ „ქართული ოცნების“ გავლენიანი, მაგრამ არაპოპულარული კანდიდატი ამ ოლქში – გია ვოლსკი. ამ პირობებში, ამხელა რესურსის მქონე კანდიდატთან ისედაც რთულია, გამოვხატავ იმედს, რომ ოპოზიცია არ გადაწყვეტს კიდევ უფრო გაყოს კრიტიკულად განწყობილი ამომრჩევლის ხმები და არ გადაწყვეტს დააყენოს ამავე ოლქში თავისი კანდიდატი. ეს იქნება იმ განწყობის, შეთანხმების შესრულება, რომელიც თავიდანვე გააკეთა ოპოზიციამ ამ ოლქთან და თბილისთან მიმართებაში. იმედი მაქვს, რომ ისინი ამ საჯარო დაპირებას ხალხის წინაშე შეასრულებენ. თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ დააყენოს კანდიდატი, ეს იქნება ძალიან სამწუხარო, ვინაიდან განამტკიცებს იმ გაგებას ხალხში, რომ მთავარი დანიშნულება დღეს არის პოლიტიკური ოლიგოპოლიის, ორპოლუსიანობის, ორმეფობის შენარჩუნება პოლიტიკაში „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის“, – განაცხადა ანა დოლიძემ.