ანა დოლიძე - მოსამართლე, რომელსაც მამუკა ხაზარაძის საქმე მიეწერა, იუსტიციის საბჭომ სულ ახლახან კონკურსის გარეშე გადმოიყვანა თბილისის საქალაქო სასამართლოში
ანა დოლიძე - მოსამართლე, რომელსაც მამუკა ხაზარაძის საქმე მიეწერა, იუსტიციის საბჭომ სულ ახლახან კონკურსის გარეშე გადმოიყვანა თბილისის საქალაქო სასამართლოში

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი, რომელსაც მიეწერა მამუკა ხაზარაძის საქმე, 9 ივლისს იუსტიციის საბჭომ კონკურსის გარეშე გადმოიყვანა თელავიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

„მამუკა ხაზარაძის საქმის სასამართლოში წარმართვის ნაწილი უკვე წარმოაჩენს ყველა იმ თემას, რაზეც ვიბრძოდით ჩვენ აქ, იუსტიციის საბჭოში. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი, ვისაც დაეწერა ეს საქმე, სულ ახლახან, 9 ივლისს იუსტიციის საბჭომ კონკურსის გარეშე გადმოიყვანა თელავიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში. მაშინაც ვთქვი, როდესაც ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დავუჭირე, რომ დაუშვებელია, სახელდახელოდ, კონკურსის გარეშე მოსამართლეების გადმოსხმა რაიონებიდან, რადგან არავითარი შეჯიბრებითობა არ არის. ამ ჯგუფს, რომელიც საბჭოს მართავს და მათ უკან მდგომ ხელისუფლებას ეძლევა საშუალება, რომ გადმოიყვანოს ისეთი მოსამართლეები, რომლებიც აწყობს მას და რომლებიც ამ ჯგუფთან ახლოს არიან. სწორედ ასე გაუმჭვირვალედ, თვითნებურად გადმოიყვანა რამდენიმე მოსამართლე, მათ შორის ნინო ჩახნაშვილი იუსტიციის საბჭომ. ფაქტია, რომ ახლა ნინო ჩახნაშვილი დაგვხვდა თვალწინ, რომელმაც უნდა განიხილოს ერთ-ერთი ყველაზე პოლიტიკურად სენსიტიური საქმე. მამუკა ხაზარაძის საქმე, ამ აღკვეთის ღონისძიებიდან დაწყებული, სხვა თემებით დამთავრებული, დარწმუნებული ვარ, მომავალში გაუსვამს ხაზს ყველა იმ საკითხს, რის გამოც ვიბრძვით იუსტიციის საბჭოში. არ გვექნება კანონის უზენაესობა, თუ არ გვექნება ნორმალური სასამართლო“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, კონკურსის გარეშე მოსამართლისთვის სამუშაო ადგილის შეცვლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეუძლია.

„იუსტიციის საბჭოს განსაკუთრებულ შემთხვევებში, განსაკუთრებით გადატვირთულობის, ექსტრემალურ სიტუციაში, როგორც საგამონაკლისო ნორმა, შეუძლია, კონკურსის გარეშე გადაიყვანოს მოსამართლე ერთი ადგილიდან მეორეზე, მაგრამ ბოლო დროს, ივლისის განმავლობაში იუსტიციის საბჭომ მასობრივად მოახდინა მოსამართლეების გადაყვანა-გადმოყვანა. მე ამას დიდი გადალაგება დავარქვი და ამის შედეგი აგერ დაგვხვდა წინ. სწორედ ამ მოსამართლეს, ყველანაირი გამჭირვალობის, შეჯიბრებითობის, მისი კომპეტენციის შემოწმების გარეშე დაეწერა ერთ-ერთი ყველაზე პოლიტიკურად სენსიტიური საქმე“, – განაცხადა ანა დოლიძემ.