ანა დოლიძე - მივესალმები პრემიერის განცხადებას, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებას პრაქტიკული შედეგი ამ ეტაპზე არ აქვს
ანა დოლიძე - მივესალმები პრემიერის განცხადებას, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებას პრაქტიკული შედეგი ამ ეტაპზე არ აქვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე პრემიერის განცხადებას პირველ არხთან საუბრისას გამოეხმაურა. ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ პრემიერის განცხადება ერთგვარი მოწოდება იყო მმართველი გუნდის იმ წევრების მიმართ, რომლებსაც მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების გატარება ეხებათ.

„მივესალმები ამ განცხადებას, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებას პრაქტიკული შედეგი ამ ეტაპზე არა აქვს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის აღნიშნავს „ქართული ოცნების“ მორალურ საფუძვლებს. „ქართულ ოცნებას“, როგორც პოლიტიკურ ძალას, ჰქონდა მორალური საფუძველი და მთავარი მორალური საფუძველი იყო სამართალში. პრემიერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ დაშორდა ამ მორალურ საფუძველს და რეალურად არის მოწოდება, რომ დაბრუნდეს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს პრაქტიკისთვის თითქოსდა დაგვიანებულია, შეიძლება იყოს გაგებული რომ „ქართული ოცნების“ ის ნაწილი, რომელსაც ეხება რეფორმების გატარება ამ სფეროში, დაჯდეს და გაატაროს ისეთი რეფორმები, რომელიც დააბრუნებს მას იმ საწყისთან, რომელიც ამ მოძრაობას ჰქონდა 2011-2012 წლებში.

ეს განცხადება არის მოწოდება, რომ ის სულისკვეთება, რომელიც „ოცნებას“ ჰქონდა, რომ აქ იქნება სამართლიანობა და სამართლიანობის აღგენა, ამ მორალურ საფუძვლებთან დაბრუნდნენ და ეს უნდა მოხდეს რეფორმების გზით“, – აცხადებს ანა დოლიძე. 

პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნული წევრისთვის კატეგორიულად მიუღებელია რამდენიმე მოსამართლე, რომლებიც საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით უვადოდ გამწესდნენ.

„ვიცით, რომ სულხან მოლაშვილი დღეს დადგენილია, როგორც წინა ხელისუფლების პოლიტპატიმარი და მსხვერპლი, მისი განმხილველი საქმის მოსამართლის დატოვება უვადოდ, ასევე სერგო თეთრაძის საქმის მოსამართლის დატოვება უვადოდ ეს არის პოლიტიკური პატიმრებისთვის სილის გაწნა, სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანებისთვის სილის გაწნა და კარგია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები ამ სავალალო შედეგს მიხვდნენ, ამას აჩვენებს პრემიერის განცხადება“, – აცხადებს ანა დოლიძე.

მოსამართლეების უვადოდ გამწესებაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა გუშინ ჩატარდა. წარდგენილი 50 კანდიდატიდან 6-ს უარი ეთქვა უვადო მოსამართლეობაზე, ხოლო შერჩეული 44 კანდიდატიდან 6 მოსამართლეს საბჭოს ყველა 15-ივე წევრმა დაუჭირა მხარი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 44 მოსამართლის უვადოდ გამწესებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის მმართველ გუნდშიც.