ანა დოლიძე - მართლმსაჯულების სისტემა დასალაგებელია და შესაბამისად, იუსტიციის საბჭო დატვირთული იქნება
ანა დოლიძე - მართლმსაჯულების სისტემა დასალაგებელია და შესაბამისად, იუსტიციის საბჭო დატვირთული იქნება

ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა დასალაგებელია, – ამის შესახებ განცხადება იუსტიციის საბჭოს ახალმა წევრმა ანა დოლიძემ სამომავლო საქმიანობის შეფასებისას გააკეთა, რომელიც საბჭოს სხდომას დღეს პირველად ესწრება.

საბჭოს არამოსამართლე წევრის თქმით, ის იქნება საბჭოს აქტიური წევრი.

„საბჭო არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო. ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა დასალაგებელია ძალიან ბევრი მხრივ. შესაბამისად, საბჭო არის და იქნება დატვირთული და მე როგორც საბჭოს წევრი, გპირდებით, ვიქნები ძალიან პროაქტიური, რადგან ასეთი საქმიანობა მოვალეობად მიმაჩნია“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

საბჭოს ახალი წევრი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და პირობა დადო, რომ იქნება ღია მედიასთან ურთიერთობისას.

დღეს საბჭო დღის წესრიგით გათვალისწინებულ რვა საკითხს განიხილავს, მათ შორის საბჭოს წევრები იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის ანგარიშსაც მოისმენენ, რომელიც იუსტიციის უმაღლესი სკოლის 2018 წლის გეგმებსა და გაწეულ საქმიანობას მოიცავს.

ანა დოლიძემ საბჭოს არამოსამართლე წევრი ვახტანგ მჭედლიშვილი 17 იანვრიდან ჩაანაცვლა. დოლიძე ამ დრომდე გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივნის პოსტს იკავებდა.

დატოვე კომენტარი