ანა დოლიძე - იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სილა გააწნა ქართულ საზოგადოებას და პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტს
ანა დოლიძე - იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სილა გააწნა ქართულ საზოგადოებას და პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტს

იუსტიციის საბჭო გავიდა ყველაზე ღრმა ფსკერზე მისი მოღვაწეობის უახლეს ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

„იმ ფორმით, რა ფორმითაც მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატები დაასახელა, სილა გააწნა ქართულ საზოგადოებას და პირველ რიგში საქართველოს პარლამენტს, რომელსაც მოსამართლეთა კანდიდატურების ბიოგრაფიები გზაში დააწიეს. დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო მთელი ქართული საზოგადოების მიმართ, ვინც გააკეთა სერიოზული განცხადებები ამ საკითხზე. ეს არის სწორი რეაქცია იმ სამარცხვინო საქციელზე, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ჩაიდინა. ეს ნაბიჯი გადაიდგა წინასაახალწლო დღეებში იმ იმედით, რომ ამ შავბნელ საქმეს საზოგადოებრივი ყურადღება მოაკლდებოდა როგორც საბჭოში, ისე პარლამენტში“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, სრულიად დაუშვებელია პარლამენტის მიერ წინასაახალწლო დღეებში კანდიდატების ნაჩქარევად განხილვა.

„ეს იქნება უდიდესი დარტყმა ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიულობისადმი და სასამართლოს ნდობას, რომელიც ისედაც დაბალია, ნამდვილად ესღა აკლია. ამიტომ მე მოვუწოდებ პარლამენტის წევრებს, გააკეთონ გონივრული არჩევანი დემოკრატიულ და არადემოკრატიულ სასამართლოს შორის. იმ სასამართლოს შორის, რომელსაც აკონტროლებს მაფიოზური გაერთიანება და იმ სასამართლოს პოტენციალს შორის, რომელიც იქნება სამართლიანი“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა არ უნდა განიხილოს იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი სია და განხილვა უნდა შეაჩეროს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის საკონტროლო ტყვია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ესვრის მართლმსაჯულების პერსპექტივას საქართველოში.

რაც შეეხება პარლამენტში მისვლას, მზად ვარ, მივიდე და საზოგადოებას ვუთხრა, რა დღეში ჩავვარდით. მერე პარლამენტის ყველა წევრის ნამუსზე იყოს ეს გადაწყვეტილება. ამ ფორმით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ექნებათ ნულოვანი ლეგიტიმურობა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.