ანა დოლიძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს, დრო იხელთოს და ე.წ. კლანის ინტერესები გააძლიეროს
ანა დოლიძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს, დრო იხელთოს და ე.წ. კლანის ინტერესები გააძლიეროს

ვიწრო საკადრო გადაწყვეტილებები კლანის ძალა-უფლების დამკვიდრებისთვის ხორციელდება, სანამ საზოგადოება და ხალხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის მოიცლის, – ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნაზე მსჯელობას ითვალისწინებს.

დოლიძის თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესების ფონზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს, იხელთოს დრო და გააძლიეროს ე.წ. კლანის ინტერესები, სანამ ამის საშუალება იქნება.

„ჩვენ შეხება გვაქვს იუსტიციის საბჭოს ისეთ შემადგენლობასთან, რომელმაც, როდესაც მთელი საქართველოს თვალები მიპრყობილი იყო საქართველოს პარლამენტს, სადაც ხორციელდებოდა მცოცავი ოკუპაცია, მომენტი იხელთა და შეავიწროვა კონკურსანტთა რაოდენობა, ანუ კონკურსის სერიოზული ეტაპი ჩაატარა. იუსტიციის საბჭოს ეს შემადგენლობა, დღესაც ცდილობს, იხელთოს ყველა სიტუაცია, როდესაც მთელი საქართველო სხვა პროცესებით არის დაკავებული და განათავსოს საკუთარი საცეცები სადაც და როდემდეც საშუალება ექნება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ამ დროისთვის საბჭოს მოსამართლე წევრი ირაკლი შენგელიაა. დღევანდელ სხდომაზე კი, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი კვირის განმავლობაში გამოცხადდეს კონკურსი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ვაკანსიაზე. ამ დროის განმავლობაში, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, აღნიშნულ პოზიციაზე საბჭოში განაცხადი შეიტანონ.