ანა დოლიძე - იუსტიციის საბჭო ყოველ დღე გვანცვიფრებს სამარცხვინო გადაწყვეტილებებით და სად აღმოვჩნდებით ბოლოს, არ ვიცი
ანა დოლიძე - იუსტიციის საბჭო ყოველ დღე გვანცვიფრებს სამარცხვინო გადაწყვეტილებებით და სად აღმოვჩნდებით ბოლოს, არ ვიცი

დღეს მოხდა ძალიან სამარცხვინო რამ. იუსტიციის საბჭო ყოველ დღე გვანცვიფრებს კიდევ და კიდევ უფრო სამარცხვინო გადაწყვეტილებების მიღებით და სად აღმოვჩნდებით ბოლოს, არ ვიცი, – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა,  ანა დოლიძემ ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ განწესების შემდეგ განაცხადა.

„ლევან მურუსიძე აღმოჩნდა მათ თვალში ყველანაირი პროცედურის და კანონის დარღვევით კეთილსინდისიერი მოსამართლე. ის ფორმალურად რომ ვთქვათ, დაინიშნა უვადოდ, თუმცა ლევან მურუსიძე სასამართლოში იპარპაშებს მანამ, ვიდრე საქართველოში იპარპაშებს აი ეს ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთთან გადაბმულია და რომელთა მთავარი ამოცანა, როგორც ჩანს, არის ნელ-ნელა დააზიანოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესი.

ვუსამძიმრებ ჩვენს მოსახლეობას, რომ დღეს საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და, ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება, კონკრეტული გუნდი, რომელიც არის საქართველოს პარლამენტში, პირდაპირ არის პასუხისმგებელი ამ შედეგზე“,- განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, „თუ არ გამოფხიზლდა „ქართული ოცნება“ და პარლამენტის შემადგენლობა, ეს არ იქნება დასასრული იუსტიციის საბჭოს თავხედობის, არამედ იქნება ერთ-ერთი ნაბიჯი“.

„უარეს ქმედებას მომავალში უნდა ველოდოთ. ჩვენ მაქსიმალურად, რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, მე და ქალბატონმა ნაზიმ, მაგრამ ახლა სიტყვა არის პოლიტიკურ ძალებზე, რამდენად მისცემენ საშუალებას, რომ ამ ჯგუფმა სრულად გაშალოს ფრთები სასამართლოს ფარგლებში და შესაბამისად, სახელმწიფოს მასშტაბებით“,-განაცხადა დოლიძემ.

ლევან მურუსიძის უვადო  მოსამართლედ განწესებას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხარი დაუჭირა.