ანა დოლიძე - ირაკლი შოთაძე არის ნიშანი, რომ „ქართული ოცნება“ განიცდის საკადრო შიმშილს
ანა დოლიძე - ირაკლი შოთაძე არის ნიშანი, რომ „ქართული ოცნება“ განიცდის საკადრო შიმშილს

მთავარი პროკურორის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი არის სერიოზული გამოწვევა და ამაზე უკვე გვესაუბრებიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდანაც კი, – ამის შესახებ იურისტმა ანა დოლიძემ გენერალური პროკურორის შერჩევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, მას აქვს მინიმალური მოლოდინი, რომ საპროკურორო საბჭო შეარჩევს პოლიტიკურად დამოუკიდებელ პროკურორს.

„არ ვიცი, თუ დარჩა ვინმე, ვისაც სჯერა, რომ ეს საპროკურორო საბჭო აარჩევს პოლიტიკურად დამოუკიდებელ მთავარ პროკურორს. მთავარი პროკურორის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი არის სერიოზული გამოწვევა და ამაზე უკვე გვესაუბრებიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდანაც კი. სამწუხაროდ, საპროკურორო საბჭომ მანამდეც დაამტკიცა, რომ ის ირჩევს პროკურორებს, რომლებიც ასრულებენ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგს. გინდაც ირაკლი შოთაძე აიღეთ და გინდაც შალვა თადუმაძე, რომლისთვისაც მთავარი პროკურორობა იყო უბრალოდ შუალედური გაჩერება უზენაეს სასამართლომდე. მინიმალური მოლოდინია, რომ ეს თოჯინების თეატრი, რასაც წარმოადგენს საპროკურორო საბჭო, შეარჩევს პოლიტიკურად დამოუკიდებელ, რეფორმებზე ორიენტირებულ და გამბედავ პროკურორს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძის თქმით, ირაკლი შოთაძე არის ნიშანი, რომ „ქართული ოცნება“ განიცდის საოცარ საკადრო შიმშილს.

„სამწუხაროდ, ტექნიკური უნივერსიტეტის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ძალიან დამაფიქრებელია. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და სამეცნიერო მიღწევებზე არის ორიენტირებული, ბოლო ორი გადაწყვეტილება დეპუტატ კარლო კოპალიანის დანიშვნა ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე და მეორეს მხრივ, ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარმოდგენა მიუთითებს, რომ როგორც ჩანს ტექნიკურ უნივერსიტეტს პრიორიტეტები არ აქვს თავის ადგილზე.

რაც შეეხება ირაკლი შოთაძეს, ეს არის ნიშანი, რომ „ქართული ოცნება“ განიცდის საოცარ საკადრო შიმშილს. ის დაუბრუნდა ერთგულებაში გამოცდილი კადრების დაბრუნებას სამსახურებში. ერთი ამის მაგალითი იყო ირაკლი ღარიბაშვილი, ახლა არის მცდელობა ან შეთავაზება, ირაკლი შოთაძის დაბრუნების. ალბათ უახლოეს მომავალში საარჩევნოდ, ალექსანდრე ჭიკაიძის დაბრუნებასაც უნდა ველოდოთ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.