ანა დოლიძე - იმედი მაქვს, სასამართლო დაინახავს, რომ დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ დასახელებული ფაქტები სიცრუეა
ანა დოლიძე - იმედი მაქვს, სასამართლო დაინახავს, რომ დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ დასახელებული ფაქტები სიცრუეა

იმედი მაქვს, სასამართლო ფაქტებს გაჰყვება და დაინახავს, რომ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ დასახელებული ფაქტები სიცრუეა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სარჩელი, რომელიც პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში გვრიტიშვილის წინააღმდეგ შეიტანა, სწორედ ამ ფაქტებს ეყრდნობა და არა მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.

ანა დოლიძე იმედოვნებს, რომ მოსამართლე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„გვრიტიშვილმა ერთ-ერთი ტელევიზიის გადაცემაში გააჟღერა ცრუ ინფორმაცია და ეს მიზანმიმართულად გააკეთა, რომ დაეზიანებინა ჩემი საქმიანი რეპუტაცია და საზოგადოების რწმენა შეერყია ჩემს კრიტიკაში სასამართლოს მიმართ. მიუხედავად მთელი კრიტიკისა და იმ გავლენისა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს დიმიტრი გვრიტიშვილს, როგორც მაღალი თანამდებობის პირს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, იმედი მაქვს, სასამართლო ფაქტებს გაჰყვება დაინახავს, რომ ეს არის სიცრუე, შავით თეთრზე წარმოთქმული ტყუილი ჩემი რეპუტაციის დაზიანებისთვის. მთავარი საზღვარი, რომელიც არის გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებაში, ეს არის ტყუილი ფაქტების დაბრალება. მოსაზრებები დაცულია ჩვენი კონსტიტუციით, შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე არის სარჩელი მიმართული“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

დოლიძის თქმით, მისი სიმართლის დამტკიცება ადვილია, რადგან ფაქტების გადამოწმება მარტივად არის შესაძლებელი.

„ადამიანის უფლებათა კვლევითი საქმიანობა ჰოლანდიურ ორგანიზაციაზე რომ წარმოაჩინო მოსამართლემ, როგორც რუსული ორგანიზაციისთვის, რუსული ინტერესებისთვის თანამშრომლობა ეს არის მტკნარი სიცრუე, რომელიც დასტურდება მონაცემებით, მათ შორის ამ ორგანიზაციიდან, რეგისტრაციის შესახებ, ასევე ის, რომ მე ვიმყოფებოდი მოსკოვში, არის სიცრუე. ამის დადასტურება ძალიან მარტივია. მოსამართლემ, რომელმაც გამოიყენა სიცრუე, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის საბჭოს წევრმა, ანა დოლიძემ არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სახელით, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

დოლიძის განცხადებით, გვრიტიშვილმა მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს აგვისტოს ომის დროს ის რუსეთში იმყოფებოდა და რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა.