ანა დოლიძე - იმედი მაქვს, საქართველოს პირველი არხის გადაწყვეტილება დომინოს ეფექტს იქონიებს სხვა მედიასაშუალებებში
ანა დოლიძე - იმედი მაქვს, საქართველოს პირველი არხის გადაწყვეტილება დომინოს ეფექტს იქონიებს სხვა მედიასაშუალებებში

იმედი მაქვს, საქართველოს პირველი არხის გადაწყვეტილება აზარტული თამაშების რეკლამის განთავსებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით დომინოს ეფექტს იქონიებს სხვა მედიასაშუალებებში, რომლებიც მას გამოეხმაურებიან, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, აზარტული თამაშების საწინააღმდეგო კამპანიის ავტორმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

„მივესალმები ამ ინიციატივას და გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ეს საფუძველს დაუდებს სხვა მედიასაშუალებების მხრიდან მსგავს გადაწყვეტილებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რა თქმა უნდა, პირველი უნდა იყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სადარაჯოზე და მშვენიერია, რომ მაუწყებელმა ეს ნაბიჯი დღეს გადადგა. იმედი მაქვს, ის საწინდარი იქნება სხვა მსგავსი გადაწყვეტილებებისთვის სხვა ტელევიზიების მხრიდან“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, სანამ საკანონმდებლო რეგულაციების მიღება მოხდება, კარგი იქნება, თუ სხვა ტელეკომპანიები საქართველოს პირველი არხის მაგალითს მიბაძავენ.

„ჩვენ ყველას ძალიან გაგვიხარდა. შეიძლება, ითქვას პირველი გამარჯვება ამ კამპანიის, პირველი ხელშესახები გამარჯვება. კამპანიას რამდენიმე მოთხოვნა აქვს, მათ შორის, რეკლამის სრული აკრძალვა. რა თქმა უნდა, ჯობია, სანამ აკრძალვა მოხდება, ტელევიზიებმა, მედიასაშუალებებმა თვითონ განახორციელონ ასეთი კეთილშობილი თვითცენზურა, ამას ასე დავარქვათ. მეორე მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ეხება არასრულწლოვნებს და ბავშვებს. დანარჩენს უკვე აქციაზე გავაჟღერებთ, რომელიც პარასკევს გვექნება. მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები მაუწყებლის ამ გადაწყვეტილებას და იმედი მაქვს, ეს დომინოს ეფექტს იქონიებს სხვა მედიასაშუალებებში, რომლებიც მას გამოეხმაურებიან“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია იმთავითვე არის საზოგადოებრივი ინტერესის, საჯარო ინტერესის მხარეს ყოფნა.

„იმიტომ ვიხდით ჩვენ საშემოსავლო გადასახადს და იმიტომ მიდის ის ამდენი ფული საზოგადოებრივ მაუწყებლობაში, რომ მან უნდა გაუძლოს იმ ცდუნებას, რომელიც შეიძლება, ჰქონდეს კერძო ტელევიზიას, რომელსაც სხვა შემოსავალი არ აქვს. აპრიორი საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს კომერციული ინტერესების საპირწონედ საზოგადოებრივი ინტერესების სადარაჯოზე, მათ შორის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის. კარგია, რომ მაუწყებელი ამ მისიას უბრუნდება. მხოლოდ მივესალმები და იმედი მაქვს, ეს მოგვეხმარება ჩვენ, რომ დომინოს ეფექტით ყველა სხვა მედიასაშუალებაზე აისახოს. ყველა სხვა მედიასაშუალებამ გაარეკლამოს ფეხსაცმელი, გაარეკლამოს ჯანსაღი საკვები, გაარეკლამოს სათამაშოები, ყველაფერი რაც ჯანსაღია, ნუ გაარეკლამებს იმ სერვისს, რომელიც იწვევს მძიმე შედეგებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი არხი უარს აცხადებს აზარტული თამაშების რეკლამის განთავსებაზე.