ანა დოლიძე - გადავწყვიტე, მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარად კენჭი არ ვიყარო
ანა დოლიძე - გადავწყვიტე, მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარად კენჭი არ ვიყარო

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას არ აპირებს, – ამის შესახებ დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

დოლიძის განცხადებით, ის აგრძელებს იუსტიციის საბჭოში ბრძოლას სამართლიანობისთვის.

„ჩემო კარგო ხალხო, მინდა შეგატყობინოთ, რომ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ არ ვიყარო კენჭი მაჟორიტარად მთაწმინდის ოლქში. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ერთი წლის წინ, იუსტიციის საბჭოში წევრობის მომენტიდან, მე წამოვიწყე დიდი ბრძოლა სამართლიანობისათვის საქართველოში. ახლა როდესაც მიმდინარეობს უზენაესს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და ვდგავართ სერიოზული რისკის ქვეშ რომ სამართლიანობას საბოლოოდ დაეპატრონება ერთი ჯგუფი, მურუსიძე- ჩინჩალაძის სახელით, როგორც არასდროს სჭირდება ამ ბრძოლას ყველა ძალის კონცენტრირება, რომ მივიყვანოთ ბოლომდე.

ამიტომაც, გადავწყვიტე, რომ საბჭოში ვიყო და აქედან ვეცადო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ ერთობლივი პროექტის, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს დასრულება. მეტიც, ვფიქრობ და მზად ვარ, რომ ჩართული ვიყო ამ პროექტის დასასრულებლად და საქართველოში სამართლიანობის დასამკვიდრებლად ყველა ადამიანის და რესურსის მობილიზებისთვის. მე და ნაზი ჯანეზაშვილს მხოლოდ ყველა თქვენგანის მხარდაჭერით თუ გამოგვივა რამე“,- წერს ანა დოლიძე.