ანა დოლიძე - ღარიბაშვილის განცხადებები საგანგაშო ხასიათს იღებს, იმედი მაქვს, ევროკავშირი პერსონალურ სანქციებსაც განახორციელებს
ანა დოლიძე - ღარიბაშვილის განცხადებები საგანგაშო ხასიათს იღებს, იმედი მაქვს, ევროკავშირი პერსონალურ სანქციებსაც განახორციელებს

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის თქმით, ევროკავშირის დახმარებასა და სასამართლოსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები საგანგაშო ხასიათს იღებს.

დოლიძის განარტებით, იმედი აქვს, ევროკავშირი პერსონალურ სანქციებს განახორციელებს.

„არ შეიძლება ამ განცხადებებთან ზედაპირული მოკიდება. იმედი მაქვს, უფრო სერიოზულ სანქციებსაც განახორციელებს ევროკავშირი, მათ შორის პერსონალურს, რადგან ეს არ არის უბრალოდ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოხატული განცხადებები, არამედ არის სერიოზული ნიშანი, რომ ეს ხელისუფლება აპირებს, გადაუხვიოს ევროკავშირისკენ მისწრაფებას, ევროპულ ორიენტაციას. ამაზე იქით უკვე იქნება ალბათ სერიოზული ავტორიტარული  და ხისტი ზომები, რომლის მიღებასაც არჩევნების დროს ან შემდეგ დააპირებს ხელისუფლება. იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი უკვე პერსონალურ სანქციებს მიიღებს, თუნდაც ამ შემადგენლობას ჩამოართმევს ევროკავშირში მგზავრობის უფლებას, რაც შესაძლებელია“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მადლიერი არიან ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მათ შორის კოვიდპანდემიის მართვის დროს, გაუწიეს ქვეყანას. ამასთან, პრემიერის თქმით, წელს საქართველომ დაიწყო საგარეო ვალის შემცირება, რის გამოც მაღალი ალბათობით, ევროკავშირიდან სესხის სახით თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება.

ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით 31 აგვისტოს განცხადება გაკეთდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ჯულიენ კრამპმა აღნიშნა, საქართველომ ვერ შეძლო დახმარების მიღების პირობის საკმარისად შესრულება. მისივე თქმით, ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იყო მცდელობა, მათ შორის სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აქტიური ჩართულობით, რამენაირად გარკვეული ფინანსური სანქციები დაწესებულიყო. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურებაა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადი გახდა.

რაც შეეხება სასამართლო მიმართულებას, პრემიერის განმარტებით, საქართველოს დღევანდელი სასამართლო სისტემა ბევრად უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სახელმწიფოების სასამართლო სისტემას.