ანა დოლიძე - ეუთო-ს დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ საარჩევნო სისტემაზე გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს პარტიებს შორის ფართო კონსენსუსს
ანა დოლიძე - ეუთო-ს დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ საარჩევნო სისტემაზე გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს პარტიებს შორის ფართო კონსენსუსს

ეუთო/ოდირის დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს პარტიებს შორის ფართო კონსენსუსს და მთელი პოლიტიკური სპექტრის ფართო ჩართულობას, – ამის შესახებ იურისტმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, დასკვნაში წერია, რომ ამ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან ცალმხრივად გადაწყვეტილებების მიღება დაუშვებელია.

„მართალია, ეუთო/ოდირის დასკვნა ცალსახად ვერ მიუთითებს, რომელი სისტემაა შესაბამისი ჩვენი ქვეყნისთვის, ეს სუვერენული გადაწყვეტილებაა, თუმცა ცალსახად აქვს მითითებული ეუთო-ს, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს პარტიებს შორის ფართო კონსენსუსს და მთელი პოლიტიკური სპექტრის ფართო ჩართულობას. ცალმხრივად ამ გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლების მხრიდან დაუშვებელია, ეს წერია დასკვნაში. გარდა ამისა, იქ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ტექნიკური შეთავაზება. პროცესთან მიმართებით ეს შეთავაზება უმნიშვნელოვანესია. ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს, მოლაპარაკების მაგიდაზე დასხდნენ ოპოზიციასთან. ნებისმიერ მოდელზე შეთანხმება პოლიტიკურ ოპოზიციასთან უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ფართო კონსენსუსით“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, ორივე პრინციპი, მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა არის ლეგიტიმური არჩევანი.

ამასთან, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეროვნულ სასამართლოებზეა დამოკიდებული.