ანა დოლიძე - მუშტი-კრივის, მაჩოობის გამო, ქვეყანა ერთსა და იმავე ადგილას დგას და ჩვენ, პოლიტიკოსები ყოველდღე მოსახლეობის ნდობას ვკარგავთ
ანა დოლიძე - მუშტი-კრივის, მაჩოობის გამო, ქვეყანა ერთსა და იმავე ადგილას დგას და ჩვენ, პოლიტიკოსები ყოველდღე მოსახლეობის ნდობას ვკარგავთ

„ანა დოლიძე – ხალხისთვის“ თბილისის მერობის კანდიდატ ანა დოლიძის განცხადებით, ევროკავშირის ოფისთან ირაკლი კობახიძესა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირება ნათელი მაგალითია იმ ორპოლუსიანობისა, რომელიც ღუპავს ქვეყანას.

მისივე თქმით, მთელი ყურადღება გადატანილი უნდა იყოს კონკრეტულ საქმეებზე, რომელიც მოსახლეობის დაკვეთას ეხმიანება.

„ეს დაპირისპირება ნათელი მაგალითია იმ ორპოლუსიანობის, რომელიც ღუპავს ქვეყანას, იმ სიძულვილის, რაზეც ფოკუსირებულია მთელი ჩვენი ქართული პოლიტიკა. სწორედ ამ სიძულვილის გამოა, რომ მოქალაქეები პოლიტიკოსებს არ ენდობიან, არჩევნებზე არ მოდიან და საერთოდ, პოლიტიკისკენ გამოხედვაც არ უნდათ. ეს დაპირისპირება და მუშტი-კრივი ჩვენ უნდა დავასრულოთ. ჩვენი ამოცანაა, მთელი ყურადღება მედიასა და პოლიტიკაში გადავიტანოთ კონკრეტულ საქმეებზე, რომელიც მოსახლეობის დაკვეთას ეხმიანება. ეს კინკლაობა, მუშტი-კრივი, მაჩოობა, დაპირისპირება არის ის, რის გამოც ჩვენი ქვეყანა ერთსა და იმავე ადგილას დგას და რის გამოც ჩვენ, პოლიტიკოსები, ყოველდღე მოსახლეობის ნდობას ვკარგავთ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ევროკავშირის ოფისთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას შორის გუშინ დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის დაწყებამდე, ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე მედიასთან კომენტარებს აკეთებდნენ. ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რომ ეს უტიფარი ადამიანი, რომელიც ახლა ჩემ გვერდით დგას, და რაღა დაგიმალოთ, ძალიან თავს ვიკავებ, რომ თქვენთან საუბრის ნაცვლად, ამ ადამიანს, ახლა რასაც იმსახურებს, ის ვუთხრა. ადამიანი, რომელიც საუბრობს, თითქოს დმანისში პროვოკაცია ჩვენ მოვაწყვეთ, გესმით? ანუ, თურმე სასიკვდილო ჭრილობები მიიყენა ოპოზიციამ თავად. ამ მარაზმს უნდა დაესვას წერტილი“. ამის შემდეგ მელია კობახიძესთან მიიჭრა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

დატოვე კომენტარი