ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას მოითხოვენ  
ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას მოითხოვენ  

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების რეგისტრაციის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას მოითხოვენ და ასევე, საბჭოს მოსამართლე წევრს, თამარ ონიანს შესარჩევი პროცესიდან ჩამოშორებისკენ მოუწოდებენ.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, კანდიდატთა რეგისტრაციისთვის აუცილებელი განაცხადის შევსებისას, საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ დოკუმენტაცია ხარვეზით შეავსო, სამი რეკომენდატორის ნაცვლად, ორი მიუთითა, რაც დარღვევაა.

„კანონის მოთხოვნაა, სრულყოფილად იყოს განაცხადი შევსებული. კანონში პირდაპირ წერია, რომ თუ განმცხადებელი სრულყოფილად შეავსებს, ფორმას, რომელიც შეადგინა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და დაურთავს სათანადო დოკუმენტებს, მხოლოდ შემდეგ გადადის მომდევნო ეტაპზე და შემდეგ დარეგისტრირდება კანდიდატად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მიმაჩნია რომ არ შეიძლება, მიქაუტაძემ გადალახოს პირველი ფორმალური ეტაპი და გადავიდეს შემდეგ ეტაპზე“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ჯანეზაშვილის ინფორმაციით, ამის გამო, ბოლო დღეებში საბჭოდან ურეკავენ განმცხადებლებს და სთხოვენ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენას. მსგავსი პროცედურები კი, არ არის კანონით დადგენილი. ჯანეზაშვილის შეფასებით, ეს ემსახურება, მიქაუტაძის მხირდან განცხადის შევსებისას დაშვვებული შეცდომის გადაფარვას ან გამოსწორებას.

„დაუშვებელია, განმცხადებლები, რომლებიც ამ ეტაპზე, მხოლოდ განმცხადებლის სტატუსით სარგებლობენ და არ არიან კანდიდატები, ჩართონ ამ უკანონო თამაშში, რომელიც წამოიწყო საბჭოს მდივანმა“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

რაც შეეხება საბჭოს მოსამართლე წევრის თამარ ონიანის აცილების მოთხოვნას, ანა დოლიძის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობს ონიანის მაზლი, ზურაბ აზნაურაშვილი, როს გამოც სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი.

„ზურაბ აზნაურაშვილი ამჟამად მუშაობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსად. თამარ ონიანს ექმნება ინტერესთა კონფლიქტი კონკურსთან მიმართებაში, რადგან მისი ნათესავი ერთ-ერთი განმცხადებელია. თუ ონიანი არ შეაფასებს თავის მაზლს, მაგრამ შეაფასებს სხვა მონაწილეებს, მას რჩება ბერკეტი, მიკერძოებული იყოს და შესაბამისად, შედარებით ნაკლები ქულები დაუწეროს სხვა კონკურსანტსა და განმცხადებელს. კანონით, რომელიც ირაკლი კობახიძემ დაუწერა ამ „კლანს” ვენეციის კომისიის უგულებელყოფით, ინტერესთა კონფლიქტის ამგვარი განმარტება გათვალისწინებული არ არის“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 144-მა კანდიდატმა გამოთქვა.

დატოვე კომენტარი