ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი 278 მოსამართლეს პერსონალური წერილით მიმართავენ
ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი 278 მოსამართლეს პერსონალური წერილით მიმართავენ

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე 278 მოსამართლეს პერსონალური წერილით მიმართავენ.

წერილში, რომელიც 278 მოსამართლეს სათითაოდ გაეგზავნება, საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე და აღნიშნულია, რომ მკვეთრად წარმოჩინდა პრობლემები, რომლის წინაშეც სასამართლო ხელისუფლება დგას.

„დამოუკიდებელი სასამართლო ვერ შედგება თითოეული თავისუფალი მოსამართლის გარეშე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებამ, წარედგინა 10 მოქმედი მოსამართლე კანდიდატურად უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, მკვეთრად წარმოაჩინა ის პრობლემები, რომლის წინაშეც დგას სასამართლო ხელისუფლება. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს მოქმედი 294 მოსამართლიდან ისე შეარჩია 10 კანდიდატურა, რომ სხვა მოსამართლეებზე არც კი უმსჯელია, რომ აღარაფერი ვთქვათ ზოგადად სხვა შესაძლო კანდიდატებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, სასამართლო ხელისუფლება დგას გზაგასაყარზე: ან სასამართლო იქნება შიდა დემოკრატიულ მმართველობაზე დამყარებული, კანონზე დაფუძნებული სახელმწიფოსა და ხალხის სამსახურში, ან კიდევ უფრო დასცილდება კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის პრინციპებს და გაიზიარებს ერთი ვიწრო ჯგუფის ინტერესებს.

„სასამართლოსთან მიმართებაში ყველა ჩვენი მცდელობის ამოსავალი წერტილია ბრძოლა სასამართლოში არაკანონისმიერი გავლენების წინააღმდეგ. ჩვენი მიზანია სასამართლოს შიგნით გავლენების აღმოფხვრა, კეთილსინიდისერი და პროფესიულად ძლიერი მოსამართლეების წარმოჩენა და გაძლიერება. ამრიგად, ჩვენთვის თითოეული კეთილსინდისიერი და კომპეტენტური მოსამართლე ძვირფასია. ამ გზაგასაყარზე გადამწყვეტია თქვენი არჩევანი. თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს მხარდასაჭერად, გამოხატული ნებისმიერი ფორმით, მნიშვნელოვნად გააძლიერებს ამ მისწრაფებას“, – მიმართავენ მოსამართლეებს ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული. მიმდინარე წლის 26 იანვარს დაგეგმილია მოსამართლეთა 25-ე რიგგარეშე კონფერენცია, რომლის ერთადერთ საკითხად განსაზღვრულია სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების განხილვა. დოლიძე და ჯანეზაშვილი მოსამართლეებს მიმართავენ, ამ საკითხთან მიმართებაში საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესი დაიცვან.

„ამ საკითხთან მიმართებაში მოგმართავთ, რომ დაიცვათ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესი; და გაითვალისწინოთ, რომ ქვეყანას სჭირდება დამოუკიდებელი და ამავე დროს ანგარიშვალდებული სასამართლო.

თუმცა ბევრი თქვენთაგანი შეიძლება იმყოფებოდეს წნეხის, შიდა ცენზურის და თვითცენზურის ქვეშ. შესაბამისად, გვინდა იცოდეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმ მოსამართლის უფლებების დასაცავად, ვისთვისაც ინდივიდუალური დამოუკიდებლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კორპორაციული ინტერესი ან ვიწრო ჯგუფის მიმართ ერთგულება“, – აღნიშნულია წერილში.

მიუხედავად იმისა, რომ დღეის მონაცემებით, 294 მოსამართლეა სასამართლო სისტემაში, საბჭოს არამოსამართლე წევრები აღნიშნულ მიმართვას არ უგზავნიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს და კანდიდატებს ვინც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში იყვნენ. მათი შეფასებით, აღნიშნულ მოსამართლეებისთვის მიმართვის გაგზავნას აზრი არ აქვს.

საბჭოს არამოსამართლე წევრებმა საგანგებო მიმართვის შემდეგ, გასაგზავნი წერილები ხელმოწერით დაადასტურეს.