ანა დოლიძე - არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება
ანა დოლიძე - არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება

არავითარი გარანტია არ არსებობს მაგიდაზე, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება“. – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტირებისას.

ამასთან, მისი შეფასებით, გადაწყვეტილების სწრაფად აღსრულება ამ საკითხში სახელმწიფოს დაინტერესებაზე მიუთითებს.

„საეჭვო იყო ის ფაქტი, რომ იმ პირობებში, როდესაც არსებობს უამრავი ადამიანი, რომლებმაც სტრასბურგი მოიგეს და მათი გადაწყვეტილება არ აღსრულებულა, იმ პირობებში, როდესაც იუსტიციის სამინისტრო არ აღასრულებს ძალიან ბევრ გადაწყვეტილებას, რამდენიმე საათში აღსრულდა ეს გადაწყვეტილება. აღნიშნული მიანიშნებს მათ შორის სახელმწიფოს დაინტერესებას. არავითარი გარანტია არ არსებობს მაგიდაზე, რომ არ შეიცვლება სარედაქციო პოლიტიკა. აღმასრულებელი დირექტორი, მით უმეტეს, ისეთი რეპუტაციის მფლობელი, რომელიც არის ქიბარ ხალვაში, ის არ არის ნელსონ მანდელა, ბუნებრივია, მის სიტყვას ვერავინ ენდობა, რომ არ ადგება და არ შეცვლის სარედაქციო პოლიტიკას“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს მეტი სამართლებრივი გარანტიები სჭირდებათ.