ანა დოლიძე - ამ ხალხს თუ არ გაათავისუფლებთ, რუსთაველის აქცია გადმოვა აქ [ვიდეო]

ამ ხალხს თუ არ გაათავისუფლებთ, რუსთაველის აქცია გადმოვა აქ, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მას შემდეგ განაცხადა, რაც ერთ-ერთ დაკავებულის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვას დაესწრო, რომელსაც მოსამართლის გადაწყვეტილებით ცხრა დღით პატიმრობა განესაზღვრა.

ანა დოლიძე ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოსამართლეებს ხმამაღალი შეძახილებით მიმართავდა.

„ეს არ არის დეზერტირების ბაზრობა, ეს არის სასამართლო. კონვეირივით უშვებთ ამ ხალხს ციხეში. ტყუილად კი არ გადავიტყავეთ მუხლები, რომ აქ ისხდეთ მურუსიძე-ჩინჩალაძესთან. მოვითხოვთ, გამოაკრათ სია და ხალხს გააგებინოთ, ვის უშვებთ ციხეში. მოგვექეცით წესიერად. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის პატრონები, თუ არადა რუსთაველის აქცია მოვა აქ”, – განაცხადა ანა დოლიძემ სასამართლოს დერეფანში.

მასთან ერთად მოსამართლეების დღევანდელი გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ სხვა დაკავებულების ახლობლებმაც გააპროტესტეს.