ანა ბუჩუკური - ვერ გავიზიარებთ სიხარულს, რასაც ოპოზიციური სპექტრისგან სანქციების შესაძლო დაწესებაზე ვხედავთ, პროცესები ამ მიმართულებით თუ განვითარდა, დააზიანებს არა მხოლოდ ხელისუფლებას, მთლიანად სახელმწიფოს
ანა ბუჩუკური - ვერ გავიზიარებთ სიხარულს, რასაც ოპოზიციური სპექტრისგან სანქციების შესაძლო დაწესებაზე ვხედავთ, პროცესები ამ მიმართულებით თუ განვითარდა, დააზიანებს არა მხოლოდ ხელისუფლებას, მთლიანად სახელმწიფოს

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკომისიის განცხადებებში უკვე საუბარია კონკრეტული ფინანსური ბერკეტების/მექანიზმების შესაძლო ამოქმედებაზე.

მისივე თქმით, პროცესები ამ მიმართულებით თუ განვითარდა, ეს დააზიანებს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ მთლიანად სახელმწიფოს.

ანა ბუჩუკურის განცხადებით, ამიტომ ვერ გაიზიარებენ იმ სიხარულს, რასაც ხშირად ოპოზიციური სპექტრის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესებასთან, ან ფინანსური ტრანშების შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით ხედავენ.

„ჩვენ ნამდვილად არ გვახარებს ის განცხადებები და მინიშნებები, რომლებითაც დღეს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა და მთავარმა მოკავშირეებმა უმაღლეს დონეზე გაკეთებული განცხადებებით მოგვმართეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროკომისიის განცხადებებში უკვე საუბარია კონკრეტული ფინანსური ბერკეტების/მექანიზმების შესაძლო ამოქმედებაზე.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ თუ პროცესები ამ მიმართულებით განვითარდა, ეს დააზიანებს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ მთლიანად სახელმწიფოს. ამიტომ, ვერ გავიზიარებთ იმ სიხარულს და აღტკინებას, რასაც ხშირად ოპოზიციური სპექტრის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესებასთან, ან ფინანსური ტრანშების შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით ვხედავთ.

გუშინდელი განცხადებები უკავშირდება როგორც ჟურნალისტებზე სისტემური თავდასხმის ფაქტს, ასევე მოსამართლეების დანიშვნის პროცესს. ეს ფაქტები მხოლოდ ერთი ნაწილია იმ დიდი პრობლემისა, რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოში ხედავენ. ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, ეს არის შედეგი იმისა, რომ ხელისუფლება ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მათ შორის, მიზანმიმართულად ცდილობს უზენაეს სასამართლოში სამუდამოდ გაუძლიეროს პოზიციები გავლენის ჯგუფებს და ა.შ. ვიწრო-პარტიული ინტერესების გამო, ხელისუფლება ფაქტობრივად კონფრონტაციაში შედის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რითაც მნიშვნელოვნად აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს!“, – აცხადებს ბუჩუკური.

ანა ბუჩუკურის თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს მმართველ გუნდს, კარგად გაიაზროს ის რისკები, რომლის წინაშეც აყენებს ქვეყანას.

„ქვეყანა, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია და რომელსაც უამრავი გამოწვევა აქვს, სხვანაირად უნდა მოქმედებდეს – ეს ყველაფერი უაღრესად სახიფათოა!“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.