ანა ბუჩუკური - ვემიჯნებით უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, თუმცა ინდივიდუალური პასუხისმგებლობა უნდა დაუწესდეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბრალი მიუძღვით ქვეყნის მძიმე მდგომარეობაში შეყვანისთვის
ვემიჯნებით უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, თუმცა ინდივიდუალური პასუხისმგებლობა უნდა დაუწესდეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბრალი მიუძღვით ქვეყნის მძიმე მდგომარეობაში შეყვანისთვის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
როგორც ბუჩუკური აღნიშნავს, პერსონალური სანქციები ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი ყველაზე რბილი შესაძლებლობა გახდა.
„ჩვენი გუნდი იყო ოპოზიციიდან გამონაკლისი იყო, რომელიც სანქციების საკითხს ყოველთვის ძალიან დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა დიდი ხნის განმავლობაში. როგორც კი დაიწყო სანქციებზე საუბარი, ჩვენ ყოველთვის ვფრთხილობდით, რადგან ნებისმიერი ადამიანის დასანქცირებას, შესაძლოა, ჰქონდეს ნეგატიური გავლენა. სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ არჩევნები, როგორც კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობა, ივანიშვილს გამოეყენებინა საკუთარი თავისა და ქვეყნისთვის, ის გადავიდა ძალადობაზე, უკანონო დაკავებებზე, ოპონენტებზე თავდასხმაზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლების ცემაზე და სრულად გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან. სამწუხაროდ, ეს კრიზისი, შემსუბუქების ნაცვლად, კიდევ უფრო გამწვავდა. დღეს პერსონალური სანქციები გახდა ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი ყველაზე რბილი შესაძლებლობა. კატეგორიულად ვემიჯნებით უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, რადგან ეს შეეხება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ბრალი არ მიუძღვის ამ კრიზისის შექმნაში. ამის ნაცვლად, კონკრეტულმა პირებმა უნდა აგონ პასუხი, ინდივიდუალური, პერსონალური პასუხისმგებლობები უნდა დაწესდეს იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ბრალი მიუძღვით ქვეყნის მძიმე მდგომარეობაში შეყვანისთვის. ამიტომ ეს პერსონალური სანქციები ადრე თუ გვიან, ბუნებრივია, დადგება.
მმართველ გუნდში ჩალის ფასი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სიტყვას არ აქვს. რას ნიშნავს, ჩალის ფასი აქვს?! ჩალის ფასი აქვს იმასაც, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო ზიანდება? საქართველოს ეროვნულ ინტერესებს რომ ჩალის ფასი აქვს მათთვის, ეს ვნახეთ. სინამდვილეში ასე არ ფიქრობენ. სინამდვილეში ნახეთ დიდ ბრიტანეთში დაწყებული პროცესი, რომელიც მოსალოდნელ ფინანსურ პერსონალურ სანქციებს უკავშირდება. „ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ამას ისტერიული გამოხმაურებები მოჰყვა. ისინი ახლა ცდილობენ, საკუთარ აქტივს მოაჩვენონ თავი, თითქოს ყველაფერი კარგადაა. სინამდვილეში ისტერიული გამოხმაურებები არაერთხელ ვიხილეთ“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
ჟურნალისტმა ანა ბუჩუკურს კითხვა დაუსვა: „როდესაც ითხოვენ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებას, ხომ არ არის ეს შიდა საქმეებში ჩარევა?“ ბუჩუკურმა კი უპასუხა, რომ რეზოლუცია ჯერ პროექტის სახითაა და ჩანაწერზე საუბარი ზედმეტია.
„წინასწარ ამ ჩანაწერზე საუბარი ზედმეტია, არალოგიკურია, რადგან ეს რეზოლუცია ჯერ პროექტის, ე.წ დრაფტის სახითაა. სამწუხაროდ, დღეს ისეთი ვითარებაა, ფაქტობრივად, სრული უფლებამოსილების პრეზიდენტი ამ ქვეყანას არ ჰყავს“, – აღნიშნა ბუჩუკურმა.