ანა ბუჩუკური - პატიმარს აქვს უფლება, დაესწროს თავისი საქმის განხილვას, საკითხზე ხელისუფლების პასუხი ჩემთვის მისაღები არ არის
ანა ბუჩუკური - პატიმარს აქვს უფლება, დაესწროს თავისი საქმის განხილვას, საკითხზე ხელისუფლების პასუხი ჩემთვის მისაღები არ არის

მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის, უფლებები, მათ შორის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებები, უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რათა სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს და კითხვები არ არსებობდეს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე სააკაშვილის დასწრების საკითხს, ანა ბუჩუკურის თქმით, პატიმარს აქვს უფლება, მისი საქმის განხილვას დაესწროს. როგორც ბუჩუკური ამბობს, არ მოუსმენია დამაჯერებელი პოზიცია, რატომ ვერ სარგებლობს ამ უფლებით მიხეილ სააკაშვილი.

„სახელმწიფო უწყებების მიმართ ნდობა იმდენად დასუსტებულია, რომ ვინც უნდა აფასებდეს არსებულ მდგომარეობას, სრულ ჭეშმარიტებასაც რომ გვეუბნებოდნენ, საზოგადოებაში უნდობლობას მაინც იწვევენ, რაც დიდი პრობლემაა და ეს არ ეხება მხოლოდ სააკაშვილს. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე მის დასწრებას, პატიმარს აქვს უფლება, მისი საქმის განხილვას დაესწროს. ხელისუფლების მხრიდან დამაჯერებელი პოზიცია არ მომისმენია, თუ რატომ ვერ უზრუნველყოფენ პატიმარს ამ უფლებით. თუ არგუმენტია, რომ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების პრობლემა არსებობს, ანუ, რას გვეუბნებიან – ერთი ადამიანის ან ერთი შენობის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს? ამას ამბობს ხელისუფლება, რომლის ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული? – რა თქმა უნდა, მათი პასუხი ჩემთვის მისაღები არ არის“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქცია პროტესტის გამოხატვის პოლიტიკური იარაღია, თუმცა კანონის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს. მისივე თქმით, კონკრეტული პარტიის გადასაწყვეტია, როგორი სახის სტრატეგიას აირჩევს პროტესტის გამოსახატად.

„აქცია პროტესტის გამოხატვის პოლიტიკური იარაღია, თუმცა რა თქმა უნდა, აქცია კანონის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს. როცა კანონის ფარგლებში არ ჯდება, ხელს აძლევს ხელისუფლებას. ჩვენი პარტიული სტრატეგიაა, ტრიბუნები გამოვიყენოთ, მათ შორის საკანონმდებლო, მაგრამ ოპოზიციის გადასაწყვეტია, სტრატეგია რა იქნება. შეიძლება, ჩემი პირადი პოზიცია მათ გადაწყვეტილებას არ ემთხვეოდეს. ნებისმიერი აქცია კანონის ჩარჩოში უნდა ჩაჯდეს. ოპოზიციის ნაწილის არათანმიმდევრულობას დადებითად ვერ შევაფასებ, რადგან არათანმიმდევრული ქმედებები მხოლოდ ხელისუფლებას აძლიერებს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

დატოვე კომენტარი