ანა ბუჩუკური - პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, პირად თავდებში ვუდგებით წალენჯიხის საკრებულოს წევრ გელა აბულაძეს 
ანა ბუჩუკური - პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, პირად თავდებში ვუდგებით წალენჯიხის საკრებულოს წევრ გელა აბულაძეს 

პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, პირად თავდებში ვუდგებით გელა აბულაძეს და ვთხოვთ სასამართლოს, რომ პატიმრობის ნაცვლად, გამოყენებული იქნას პირადი თავდებობა აღკვეთის ღონისძიების სახით, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის უფრაქციო წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

დეპუტატი თანაგუნდელის, წალენჯიხის საკრებულოს წევრის, გელა აბულაძის დაკავებას გამოეხმაურა.

„ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ გელა აბულაძეზე და მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლის განხორციელების მიზნით დაიწყო გამოძიება, თუმცა, ფაქტია, რომ ის ვერ დააშინეს და ვერც დაშინდება. ჩვენი ინფორმაციით, დღეს ხელისუფლება აპირებს პასუხისგებაში მისცეს ასევე გელა აბულაძის ოჯახის წევრები, ანუ, ფაქტობრივად, მძევლად აიყვანოს ადამიანები გელა აბულაძეზე ზეგავლენის მოხდენის, პოლიტიკური შურისძიების და სხვების პრევენციულად დაშინების მიზნით.

წალენჯიხა არის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები სამარცხვინოდ წააგო და წალენჯიხა არის ერთ-ერთი ის მუნიციპალიტეტი, რომლის საკრებულოსაც ხელმძღვანელობს ჩვენი გუნდის წევრი. რაც გუშინ დილით გელა აბულაძის დაკავების სახით ვნახეთ, არის ისტერიკული გამოვლინება წაგებული არჩევნების გამო გაბოროტების ფონზე. ჩვენი გუნდის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, პირად თავდებში ვუდგებით გელა აბულაძეს და ვთხოვთ სასამართლოს, პატიმრობის ნაცვლად გამოყენებული იქნას პირადი თავდებობა აღკვეთის ღონისძიების სახით“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ ვერ იცლის პარტია „საქართველოსთვის“ კიდევ ერთ წევრსა და მის შვილზე მომხდარი თავდასხმის გამოსაძიებლად, ასევე ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ მოსახლეობასთან სასაუბროდ.

„სახელმწიფო უწყებები ვერ იცლიან, რომ მობრძანდნენ და ამ ტრიბუნიდან ესაუბრონ საკუთარ მოსახლეობას. ერთადერთი, რისთვისაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იცლის და რაზეც შეუძლია ფიქრი, ეს არის ძალაუფლების შენარჩუნება, ნებისმიერ ფასად. მაგრამ თქვენ ერთი მარტივი ჭეშმარიტება გავიწყდებათ – კანონზომიერებაა ასეთი, რომ ყველაფერს აქვს დასასრული, განსაკუთრებით, ბოროტებას აქვს თავისი დასასრული და რაც მალე შეეგუებით ამას, თქვენთვისაც კარგი იქნება და ქვეყნისთვისაც. „ქართული ოცნების“ დასასრული რომ დაწყებულია, ეს მუნიციპალურ არჩევნებზეც ვნახეთ, როდესაც არაერთ მუნიციპალიტეტში მოსახლეობამ გაგიშვათ უმცირესობაში. ეს პროცესი აუცილებლად კანონზომიერად გაგრძელდება მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გუშინ დააკავეს.