ანა ბუჩუკური - მნიშვნელოვანია, რომ დელეგაცია იყოს მრავალპარტიული, ვიმედოვნებ, ერთიანად შევძლებთ, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ უკრაინას
ანა ბუჩუკური - მნიშვნელოვანია, რომ დელეგაცია იყოს მრავალპარტიული, ვიმედოვნებ, ერთიანად შევძლებთ, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ უკრაინას

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილება მისასალმებელია.

მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში პოლიტიკური სპექტრის ერთიანობა პრინციპულად მნიშვნელოვანია.

როგორც ანა ბუჩუკური ამბობს, პარტიიდან „საქართველოსთვის“ სავარაუდოდ დელეგაციის შემადგენლობაში გიორგი ხოჯევანიშვილი იქნება.

„მოგეხსენებათ, უკრაინის მხრიდან ამ ინიციატივის გაჟღერების მომენტის დღიდან გამოვთქვით სრული მზადყოფნა, რომ წავსულიყავით უკრაინაში და ამ ფორმითაც გამოგვეხატა მხარდაჭერა ჩვენი მოძმე ქვეყნის მიმართ. შემდგომ ყველას გვახსოვს ისტორია, პარლამენტის თავმჯდომარე ფაქტობრივად გადამალული იყო და ერთგვარი უღირსი განცხადებები მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. გარკვეულ წინაპირობას უყენებდნენ უმწვავეს ომში მყოფი სახელმწიფოს ხელისუფლებას. საბოლოო ჯამში, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, პარლამენტის თავმჯდომარე მიდის უკრაინაში, რაც ცალსახად მისასალმებელია. აქ ორი აზრი არ არსებობს.

მეორე, პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ უკრაინას და არა მხოლოდ უკრაინას, მსოფლიოს ვაჩვენოთ  ერთიანობა, რაც ნიშნავს პოლიტიკური სპექტრის ერთიანობას ამ კონკრეტულ საკითხზე. ყველას გვესმის, რომ უკრაინის ომი არ არის მარტო უკრაინის ომი, ეს არის ომი თავისუფლებისთვის და ომი საქართველოს თავისუფლებისთვის. ვნახეთ გაურკვევლობები, ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა დელეგაციის შემადგენლობასთან დაკავშირებით. აქაც „ქართულმა ოცნებამ“ დაიკავა არასწორი პოზიცია, კვოტები განსაზღვრა, რა რაოდენობის ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა წაეყვანა მასთან ერთად, თითქოს „ოცნება“ წყვეტდეს, ვინ წავა და ვინ – არა. ეს პოზიცია უკვე მესამედ შეიცვალა და საბოლოო ჯამში, „ოცნებამ“ განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იყოს. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად მანამდე არსებული გაუგებრობისა, მისასალმებელია არა იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ იმიჯი და რეპუტაცია არის ჩვენთვის საინტერესო ან მნიშვნელოვანი, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია ქვეყანა როგორ ჩანს ჩვენს საერთაშორისო ასპარეზზე. სწორედ აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ დელეგაცია იყოს მრავალპარტიული. ჩვენიდან სავარაუდოდ გიორგი ხოჯევანიშვილი იქნება. თუმცა საბოლოოდ გაირკვევა დელაგაციის სახელი და გვარები. დიდი იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია ვიწროპარტიულ ეგოს რამდენიმე საათით გვერდით გადადებს და ერთიანად შევძლებთ, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ უკრაინას“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.