ანა ბუჩუკური მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული დაკავებისას, პირის სასამართლოში წარდგენის ვადა 12 საათი უნდა იყოს
ანა ბუჩუკური მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული დაკავებისას, პირის სასამართლოში წარდგენის ვადა 12 საათი უნდა იყოს

დამოუკიდებელი დეპუტატი ანა ბუჩუკური მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადა 12 საათი უნდა იყოს.

ბუჩუკურმა დაასახელა არგუმენტები, რატომაც მიზანშეწონილად მიაჩნია 12-საათიანი ვადა.

„წარმოდგენილი ვარიანტი, რა თქმა უნდა, სჯობს იმას, რაც იყო გუშინ განსახილველად, მაგრამ მაქვს კითხვა, რატომ არ შეიძლება, რომ დავტოვოთ 12 საათი, რაც არის დღეს. აქვე, სრულად გასაგებია, რატომ არის წარმოდგენილი კანონპროექტი დაჩქარებული წესით. იმიტომ, რომ პირველი ივნისი, როცა ეს ამოქმედდება, არის საკმაოდ ახლოს. წარმოდგენილი რედაქციით, თუნდაც შეცვლილი რედაქციით, ამ ადამიანების, ვიზეც პოტენციურად ეს მუხლი ვრცელდება, მდგომარეობა უარესდება, რადგან 12 საათის ნაცვლად, ყველაზე აპრიორი არის 24 საათი. რატომ არ არის შესაძლებელი, რომ დავტოვოთ 12 საათი.

რაც შეეხება ტექნიკურად აღსრულების ნაწილს, სასამართლოში უნდა მუშაობდნენ მორიგე მოსამართლეები, რომლებიც განიხილავდნენ 12 საათის განმავლობაში დაკავებას და კიდევ ერთ დამატებით არგუმენტს გეტყვით, რატომ მიმაჩნია ეს სწორად. სისხლის სამართლებრივი წესით დაკავებისგან განსხვავებით, როდესაც ხდება ადამიანის ადმინისტრაციულად დაკავება და შემდგომ მოსამართლის წინაშე წარდგენა, არ ხდება დაკავების კანონიერების შემოწმება, შესაბამისად, დაცვის სტანდარტი, ბუნებრივია, უნდა იყოს უფრო მყარი“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მანამდე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა ანა ბუჩუკურს მიმართა, რომ მისთვის კარგად არის ცნობილი, სამართალდამცავ ორგანოებს რა ვადა სჭირდებათ.

„ქალბატონო, ანა, თქვენ, ასევე თქვენმა სხვა კოლეგებმაც ძალიან კარგად იცით, სამართალდამცავ ორგანოებს რა ვადა სჭირდებათ. თქვენ თავის დროზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით არათუ ეს ვადა არ შეცვალეთ, გაამკაცრეთ პასუხისმგებლობა მთელი რიგი შემადგენლობებისთვის, ახლა სად ხართ მართალი, როცა გაამკაცრეთ პასუხისმგებლობა შემადგენლობებისთვის და არ შეცვალეთ, თუ ახლა რომ მეუბნებით 12- საათიანი ვადა ხომ არ იყოსო, ოღონდ, არგუმენტი არ გითქვამთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადები 48 საათიდან 24 საათამდე მცირდება.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის. კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში გათვალისწინებული იყო, რომ დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 48 საათისა უნდა წარედგინოს სასამართლოს.

ამ მუხლთან მიმართებაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის წინადადება გაითვალისიწინა და ეს დრო 24 საათამდე შეამცირა.

შესაბამისად, მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, აღნიშნული ვადა არაუმეტეს 24 საათით განისაზღვრება.

რაც შეეხება კანონპროექტის შინაარსს, ცვლილებებით, ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათის, წარედგინება სასამართლოს. თუ დაკავებული პირი ამ ვადაში არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

სასამართლოში წარდგენამდე დაკავებული პირი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეიძლება მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.

კანონი 2021 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება.