ანა ბუჩუკური - გაურკვეველი მუქარა მთავრობის უნდობლობასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ეს ბერკეტი იურიდიულად არ არსებობს, ცოტა გაუგებარია
ანა ბუჩუკური - გაურკვეველი მუქარა მთავრობის უნდობლობასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ეს ბერკეტი იურიდიულად არ არსებობს, ცოტა გაუგებარია

არჩევნებამდე დარჩენილია სამ თვეზე ნაკლები. ეს არის არჩევნები, რომელიც თავისი შინაარსით უტოლდება ერთგვარ რეფერენდუმს იმიტომ, რომ ქართველი ხალხის არჩევანზე იქნება დამოკიდებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ბედი. როდესაც საუბარია უნდობლობის გამოცხადებაზე, უნდობლობის გამოცხადებას სჭირდება ხმათა ის რაოდენობა, რომელიც ოპოზიციას ჯამში ყველას ერთად არ გვაქვს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მთავარია, ქვეყანაში მშვიდობა იყოს.

„ყოველთვის როცა ქვეყანაში ხდება ის, რაც ხდება, პირველ რიგში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობით ეს ადამიანები საკანონმდებლო ორგანოში უნდა მობრძანდნენ და დაგროვებულ კითხვებს პასუხი გასცენ. სახელმწიფო ვეღარ ასრულებს თავის საბაზისო ფუნქციებს და სამწუხაროდ, ერთი ადამიანის შეცვლით, სახელის და გვარის ცვლილებით ეს ვერ გამოსწორდება. მე ვერ ვხედავ რესურს არც მისი გადადგომის და არც ახალი სახელი და გვარის ჩანაცვლებით ქვეყანაში სიტუაციის შეცვლის. ამ პერიოდში რა განცხადებებიც გაკეთდა, სამწუხაროდ ფაქტია, რომ პასუხისმგებლობას ხელისუფლება ვერ გრძნობს და რაღაცნაირად იმ ყველაფრის გამართლებას ცდილობს, რაც 5 ივლისს ვიხილეთ. ქვეყანა იმ ზღვრამდეა მისული, ვგულისხმობ ხელისუფლების და ინსტიტუტების სისუსტეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები საბაზისო ფუნქციასაც ვერ ასრულებს. საბოლოო ჯამში შედეგს იმას ვიღებთ, რომ კონკრეტულ სახელებს და გვარებს უკვე მნიშვნელობა არ აქვს. პირველი პასუხისმგებლობა რაც უნდა გამოავლინოს პრემიერ-მინისტრმა არის ის, რომ ხალხის მიერ არჩეულ საკანონმდებლო ორგანოში მობრძანდეს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არც ამაზე მივიღეთ პასუხი. ქვეყანაში სიტუაცია არჩევნებით უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა ბუჩუკურმა.