ანა ბუჩუკური - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნით დადასტურდა, რომ ხელისუფლება იტყუება, თითქოს ყველაფერს აკეთებს სტატუსის მისაღებად
ანა ბუჩუკური - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნით დადასტურდა, რომ ხელისუფლება იტყუება, თითქოს ყველაფერს აკეთებს სტატუსის მისაღებად

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად ემთხვევა ჩვენი გუნდის მიერ სამუშაო ჯგუფებში წარდგენილ მოსაზრებებს ოლიგარქიის პრობლემის აღსაკვეთად, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნით დადასტურდა, რომ ხელისუფლება იტყუება, თითქოს ყველაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ამასთან, როგორც ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე აღნიშნა, დეოლიგარქიზაციის პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ სისტემური რეფორმებით, მათ შორის, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმით.

„გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელმაც „ოცნების“ ხელისუფლების მიერ მომზადებულ ე.წ. დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე პირდაპირ, შავით თეთრზე მიუთითა, რომ ის ძირს უთხრის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. შესაბამისად, ის არ უნდა იქნას მიღებული. კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნა თავისი შინაარსით, სიმძაფრითა და სიცხადით არის ფაქტობრივად უპრეცედენტო. ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა: საქართველოში ოლიგარქიის პრობლემა არის პოლიტიკური ძალაუფლების ქონა პოლიტიკური მანდატის გარეშე – გავლენა პარლამენტზე, მთავრობაზე, სასამართლოზე და სამართალდამცავ ორგანოებზე. ანუ, ფაქტობრივად, მსგავსი კანონპროექტის ინიცირებაც ადასტურებს ოლიგარქიული მმართველობის არსებობას. კომისიის რეკომენდაციები სრულად ემთხვევა ჩვენი გუნდის, პარტია „საქართველოსთვის“ მიერ როგორც საჯაროდ, ისე პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში წარდგენილ მოსაზრებებს ოლიგარქიის პრობლემის აღსაკვეთად.

კერძოდ, ამ პრობლემის აღმოფხვრა საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სისტემური რეფორმებით, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმით, რომელმაც ასევე უნდა მოიცვას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა; ასევე აუცილებელია მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლა და მისი პრევენცია, მათ შორის გამჭვირვალე ტენდერების უზრუნველყოფით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და სხვა.

ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ოცნების“ ხელისუფლება იტყუება, თითქოს ის აკეთებს ყველაფერს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ოცნების“ ხელისუფლება ვაჭრობს საქართველოს, ქართველი ხალხის მომავლით და მზად არის, სრულად გადაუსვას ხაზი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ ყველა პროგრესს საკუთარი, პირველ რიგში კი, ბიძინა ივანიშვილის პირადი კეთილდღეობის გამო.

კიდევ ერთხელ მივმართავთ „ოცნების“ ხელისუფლების თითოეულ წევრს, საკუთარი ქვეყნის ევროპული, თავისუფალი მომავლით ვაჭრობის გამო პასუხისმგებლობა იქნება ინდივიდუალური. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ პასუხისმგებლობას დაემალება ან ვინმე ოდესმე დაივიწყებს თითოეული მათგანის როლს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში, ძალიან ცდება. ვერავინ შეძლებს, ამ პასუხისმგებლობისგან გაქცევას და უკანა კარიდან გაპარვას“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ვენეციის კომისიამ საქართველოს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ „დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის“ შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული.