ანა ბუჩუკური - ჩემი მხარდაჭერა პრეზიდენტს, პრეზიდენტის ინსტიტუტს და ვეტოს, რომელიც არის აბსოლუტურად გამართული, გასაგები თავისი არგუმენტაციით და დასაბუთებით
მხარდაჭერა ქალბატონ პრეზიდენტს, პრეზიდენტის ინსტიტუტს და პრეზიდენტის ვეტოს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი შეფასებით, ვეტო არის გამართული, გასაგები თავისი არგუმენტაციით და დასაბუთებით.
„ძალიან ვწუხვარ, რომ საჯარო მოხელეებს მოუწევთ ამდენი შეურაცხყოფის მოთმენა, რომელსაც თქვენკენ ისვრიან უმრავლესობის დეპუტატები. ბუნებრივია, მხარდაჭერა ქალბატონ პრეზიდენტს, პრეზიდენტის ინსტიტუტს და პრეზიდენტის ვეტოს. ეს ვეტო არის აბსოლუტურად გამართული, აბსოლუტურად გასაგები თავისი არგუმენტაციით და დასაბუთებით. სამწუხაროდ, არ უნდა გაგიკვირდეთ შეურაცხყოფა და თავდასხმები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც უწევთ პერსონალური პასუხისმგებლობების აღება იმ ძალიან მძიმე შედეგებზე, რა შედეგებსაც ეს კანონი ქვეყანას მოუტანს, მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ვინც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს იცავენ, ახლა უკვე უწოდებენ და ეძახიან მტერს. არ უნდა გაგიკვირდეთ იმ ადამიანებისგან არაფერი. ძალიან მიმძიმს ახლა ამის თქმა, მაგრამ, რომლებსაც შეუძლიათ, რომ ყველაზე ძვირფასს, საკუთარ შვილებს და საკუთარი შვილების მომავალს შეუქმნან საფრთხე და სწირავენ საკუთარ შვილებს საიმისოდ, რომ ამ ტვირთით იარონ ამ ქვეყანაში, ეს ძალიან მძიმეა. თუმცა, მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ საკუთარი შვილების სიყვარული მოგცემთ ძალას, რამდენიმე საათში ამ მოღალატეობრივ აქტში მონაწილეობა არ მიიღოთ“, – განაცხადა ბუჩუკურმა.