ანა ბუჩუკური - აშშ-ის საელჩომ თქვა ზუსტად ის, რის გამოც გახარიას გუნდმა მხარი არ დავუჭირეთ ამ ცვლილებებს
აშშ-ის საელჩომ თქვა ზუსტად ის, რის გამოც გახარიას გუნდმა მხარი არ დავუჭირეთ ამ ცვლილებებს, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა თემის კომენტირებისას.
დეპუტატის შეფასებით, სრულიად ლოგიკურია საელჩოს კრიტიკული შეფასება მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით, ფართო კონსენსუსისა თუ ჩართულობის, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე მიიღო ცვლილებები.
„რა თქმა უნდა, ამ ფორმით და მით უმეტეს, არსებულ პოლარიზებულ გარემოში ცვლილებების განხორციელება კოდექსში, რომელიც უკვე აღიარებული ფაქტია, რომ უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს, აჩენს ბუნებრივ კითხვებს ცვლილებების მიზნებთან დაკავშირებით.
სწორედ ამიტომ არ დაუჭირა ჩვენმა გუნდმა მხარი ამ საკანონმდებლო ინიციატივას. მიგვაჩნია, რომ ასეთი ცვლილებები უფლებამოსილების გადამეტების რისკის გადაზღვევის გარეშე და მით უმეტეს, ნაჩქარევად არ უნდა ხორციელდებოდეს.
კარგი იქნება, თუ ოპოზიცია სხვა დროს მეტი ყურადღებით მოეკიდება ამგვარ საკითხებს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო“.