ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული თურქული გუნდი გახდა
ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგის პირველი გათამაშების გამარჯვებული „ორტოტეკ გაზილერი“ გახდა. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართულ ფინალურ შეხვედრაში თურქულმა კლუბმა „დინამო ალტაი“ 7:0 დაამარცხა და ტიტულის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებმა ოთხივე მატჩი მოიგეს, 27 გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში გოლიც არ მიუღიათ.
ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, რომელიც თბილისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა, ექვსი გუნდი მონაწილეობდა. მესამე ადგილი ვარშავის „ლეგიამ“ დაიკავა, რომელმაც ირლანდიური „კორკ სიტი“ 3:2 დაამარცხა.
მეხუთე ადგილისთვის მატჩში „თბილისი“ ინგლისურ „ევერტონთან“ 0:4 დამარცხდა და ტურნირი მეექვსე ადგილზე დაასრულა. ტურნირის საბოლოო ცხრილი კი ასე გამოიყურება: 1. ორტოტეკ გაზილერი (თურქეთი), 2. დინამო ალტაი (რუსეთი), 3. ლეგია ვარშავა (პოლონეთი), 4. კორკ სიტი (ირლანდია), 5. ევერტონი (ინგლისი), 6. თბილისი (საქართველო).
ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგის პირველ გამარჯვებულ „ორტოტეკ გაზილერს“ თასი სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადასცა.
ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე გამორჩეულმა გუნდებმა და მოთამაშეებმა სპეციალური პრიზები მიიღეს. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის პრეზიდენტი მატეუშ ვიდლაკი, გენერალური მდივანი საიმონ ბეიკერი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მონაწილეობდნენ.
ჩემპიონთა ლიგის ფეარპლეის პრიზი ამპუტანტ ფეხბურთელთა კლუბს „თბილისს“ გადაეცა. გუნდის სახელით ჯილდო ქართული კლუბის კაპიტანმა, დათო ჩადუნელმა მიიღო.
ტურნირის ინდივიდუალური პრიზები:
საუკეთესო მეკარე – ფილიპ გრეისი (ევერტონი), ლიგის ბომბარდირი – სავაშ კაია ცხრა გოლით (ორტოტეკ გაზილერი), საუკეთესო ფეხბურთელი – აბდერაუფ უჩენე (ორტოტეკ გაზილერი).
