ამოქმედდა ელექტრონული პორტალი ekalata.gov.ge, სადაც სხვადასხვა მარკეტის შეთავაზებები და ფასებია განთავსებული
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალი – www.ekalata.gov.ge წარადგინა. ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს.
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივისა და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის მოკლევადიანი სტრატეგიის მიხედვით, ქსელებმა დაიწყეს მომხმარებლისთვის საუკეთესო შემოთავაზებები, საოჯახო კალათის საბაზისო სასურსათო პროდუქციაზე. სტრატეგიის ფარგლებში სააგენტოს დაევალა, მომხმარებლებს ქსელურ მარკეტებში საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში, ელექტრონული კალათის ფორმატში შესთავაზოს“, – აღნიშნავენ კონკურენციის სააგენტოში.
ვებგვერდზე www.ekalata.gov.ge განთავსებული იქნება საოჯახო კალათაში შემავალ 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე 12 უმსხვილეს ქსელში წარმოდგენილი საუკეთესო ფასები. მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, შეადარონ პროდუქტის ღირებულებები და საუკეთესო შეთავაზებების შესახებ მიიღონ ინფორმაცია. გარდა ამისა, მოქალაქეები შეძლებენ, კატეგორიის მიხედვით მოძებნონ, თუ სად შეიძენენ მათთვის სასურველ პროდუქტს საუკეთესო პირობებით და შექმნან საკუთარი კალათა, სადაც ასახული იქნება ფასების ჯამური მაჩვენებელი.
პორტალის პრეზენტაციაზე GCCA-ს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ პლატფორმის მიზანია, მომხმარებლის ინფორმირებულობა და ბაზარზე არსებული შეთავაზებების უფრო გამჭვირვალე წარმოდგენა. მისივე თქმით, ელექტრონული პლატფორმა ხელს შეუწყობს FMCG სექტორში კონკურენციის ხარისხის შემდგომ გაძლიერებას და მოქალაქეებს საშუალებას მისცემს გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.
„პროგრამაში ჩართული ქსელები ვალდებულები იქნებიან, სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ, რომელიც საინფორმაციო პორტალზე პროაქტიულად განახლდება. დაგეგმილია ვებპორტალის შემდგომი განვითარებაც, რათა მომხმარებელთა ინფორმირება მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი. საუკეთესო შემოთავაზებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მოხდება სხვადასხვა სამაუწყებლო და სატელევიზიო ფორმატებში, ასევე შეიქმნება სპეციალური აპლიკაცია მობილური მოწყობილობებისთვის“, – აღნიშნავენ კონკურენციის სააგენტოში.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ FMCG-ი სექტორი შეისწავლა, რის შედეგადაც კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით მომზადდა კომპლექსური დასკვნა მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი ღონისძიებების შესახებ.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო FMCG ბაზრის მონიტორინგს კონკურენციის ხარისხის შეფასების მიზნით 2023 წლიდან ახორციელებს. სააგენტოს შეფასებით, 2025 წელს FMCG ბაზრის მოცულობა 14 მლრდ ლარს გაუტოლდა, ორგანიზებული ბაზრის წილმა კი 64 პროცენტი შეადგინა.