ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის გამო იტალიაში მოქალაქეობის მინიჭების წესების შემსუბუქებისა და დასაქმებულთა უფლებების შესახებ რეფერენდუმი ვერ შედგა
ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის გამო იტალიაში მოქალაქეობის მინიჭების წესების შემსუბუქებისა და დასაქმებულთა უფლებების შესახებ რეფერენდუმი ვერ შედგა

ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის გამო იტალიაში მოქალაქეობის მინიჭების წესების შემსუბუქებისა და დასაქმებულთა უფლებების შესახებ რეფერენდუმი ვერ შედგა.

წინასწარი შედეგებით, ორდღიანი ხმის მიცემის შედეგად რეფერენდუმში მონაწილეობა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 30%-მდე მიიღო. რეფერენდუმი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შემდგარი, თუ მასში ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი მიიღებდა მონაწილეობას.

მედიის ცნობით, ეს შედეგი არის დარტყმა მემარცხენე-ცენტრისტული ოპოზიციური პარტიებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისა და პროფკავშირებისთვის, რომლებიც რეფერენდუმის ინიციატორები იყვნენ.

რეფერენდუმის წინააღმდეგი იყვნენ პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და მისი მემარჯვენე მოკავშირეები, რომლებიც თავიანთ მხარდამჭერებს ხმის მიცემის ბოიკოტისკენ მოუწოდებდნენ. პრემიერ-მინისტრი კვირას საარჩევნო უბანზე გამოცხადდა, თუმცა ხმა არ მიუცია.

იტალიაში ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, უცხოელს, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდანაა და არ ჰყავს იტალიის მოქალაქე ოჯახის წევრი, იტალიის მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შეტანა ამ ქვეყანაში ათწლიანი ცხოვრების შემდეგ შეუძლია. რეფერენდუმზე წარმოდგენილი ინიციატივა ამ ვადის ხუთ წლამდე შემცირებას ითვალისწინებდა, როგორც ეს საფრანგეთსა და გერმანიაშია. რეფერენდუმზე, მოქალაქეობის გარდა, კიდევ ოთხი საკითხი დასაქმებულთა უფლებების დაცვას ეხებოდა. წარმოდგენილ ინიციატივებს შორის ერთ-ერთი ართულებდა სამსახურიდან გარკვეული კატეგორიის დასაქმებულების გათავისუფლებას, ერთი კი მცირე ბიზნესების მიერ სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის კომპენსაციის გაზრდას ითვალისწინებდა.