Amnesty International - მსოფლიოში სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას 21 919 ადამიანი ელოდება
Amnesty International - მსოფლიოში სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას 21 919 ადამიანი ელოდება

მსოფლიოში სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას 21919 ადამიანი ელოდება. ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის,  Amnesty International-ის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი.

ორგანიზაციის მონაცემებით, 2017 წელს წინა წელთან შედარებით მსოფლიოში სიკვდილით 4 %-ით ნაკლები ადამიანი დასაჯეს. კერძოდ, 2017 წელს 23 ქვეყანაში 993 სასიკვდილო განაჩენი აღესრულა. ამავე წელს 53 ქვეყანაში სულ 1591 სასიკვდილო განაჩენი გამოიტანეს, 2016 წლს კი ეს რიცხვი 3117-ს შეადგენდა.

როგორც Amnesty International-ის ანგარიშშია ნათქვამი, 2017 წელს აღსრულებული სასიკვდილო განაჩენების 84 % ოთხ ქვეყანაზე მოდის, ესენია ირანი, საუდის არაბეთი, ერაყი და პაკისტანი.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ გამოქვეყნებულ მონაცემებში არ არის გათვალისწინებული ჩინეთში გამოტანილი და აღსრულებული ათასობით სასიკვდლო განაჩენი, რადგან აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს. ამავე დროს, ჩინეთი რჩება ქვეყნად, სადაც ყველაზე მეტ ადამიანს სჯიან სიკვდილით.
რაც შეეხება, აშშ-ს, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის 35 წევრს შორის ის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სიკვდილით დასჯაა დაშვებული. 2017 წელს აშშ-ში 23 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.
ხუთი სასიკვდილო განაჩენი გასულ წელს ბელარუსში აღესრულა .

2017 წელს სასჯელის უმკაცრესი ზომა აღადგინეს ბახრეინმა, იორდანიამ, ქუვეითმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა.
Amnesty International-ი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ 2017 წელს ირანში 80 არასრულწლოვანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, ხუთი არასრულწლოვანი კი სიკვდილით დასაჯეს.