Amnesty International-ი მოლდოვის ხელისუფლებას თურქეთის მოქალაქეების გაძევების გამო აკრიტიკებს
Amnesty International-ი მოლდოვის ხელისუფლებას თურქეთის მოქალაქეების გაძევების გამო აკრიტიკებს

უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი მოლდოვის ხელისუფლებას თურქეთის მოქალაქეების გაძევების გამო აკრიტიკებს. უფლებადამცველები საზღვარგარეთ მცხოვრები თურქების წინაამდეგ მოლდოვის მთავრობის ქმედებებს რეპრესიების სისტემის ნაწილად აფასებენ.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, მოლდოვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან შვიდი უცხოელი მოქალაქე გააძევა, რადგან ისინი ნაციონალური უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

ამასთან, უწყებას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეებზეა საუბარი. თუმცა როგორც გაძევებულთა ახლობლებმა მედიასთან განაცხადეს, ისინი ვარაუდობენ, რომ მოლდოვამ აღნიშნულ ზომებს ანკარას მოთხოვნით მიმართა. თურქეთის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, დაკავებულები და გაძევებულები აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის მოძრაობის მიერ დაარსებული სკოლების ქსელის მასწავლებლები და თანამშრომლები იყვნენ. გიულენს თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდლეობის ორგანიზებაში სდებენ ბრალს. ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციას ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად  მიიჩნევს.

როგორც სააგენტო წერს, თურქეთი ახორციელებს ზეწოლას სხვადასხვა ქვეყანაზე იმ პირების დეპორტაციის მიზნით, რომლებსაც გიულენის მიერ დაფინანსებულ სასწავლო დაწესებულებებთან დაკავშირებულად მიიჩნევს.

„ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ თურქეთის შვიდი დაკავებული მოქალაქის ბედით. მათი დეპორტაციით მოლდოვის ხელისუფლებამ არა მხოლოდ ერთხელ დაარღვია ამ პირების უფლებები, მათ ისინი დაჩქარებული წესით სხვა უფლებების დარღვევის საფრთხის წინაშე დააყენეს, როგორიცაა არასამართლიანი სასამართლო“, – განაცხადა Amnesty International-ის წარმომადგენელმა.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მოლოდვიდან თურქეთში დეპორტირებული პირების ადგილსამყოფელი უცნობია.

მოლდოვის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სკოლების თანამშრომლების გაძევების გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენა და მოლდოვის უსაფრთხოების სამსახურს განმარტებები მოსთხოვა.

ამასთან, მოლდოვურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის მოქალაქეების გადაცემა ერთ-ერთი პირობა იყო თურქეთის მიერ მოლდოვის საპრეზიდენტო რეზიდენციის რეკონსტრუქციისთვის 10 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის სანაცვლოდ. აღნიშნულ ცნობას კატეგორიულად უარყოფს მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელმაც მედიას სპეკულაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.