Amnesty International-ი ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებას აპირებს
Amnesty International-ი ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებას აპირებს

Amnesty International-ი ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი გამოძიების დაწყების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ომის დანაშაულების და ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხში საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციაში მთავარმა მრჩეველმა, რავია რაგეჰმა მიკრობლოგ Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა.

„Amnesty International-მა სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან ერთად გაერო-ს დამოუკიდებელი, ნეიტრალური გამოძიების ჩატარების ინიციტივით მივმართეთ. ნეიტრალური იმიტომ, რომ საუდის არაბეთის მიერ მიმდინარე გამოძიება ბევრ კითხვას ბადებს და საკმაოდ საეჭვოა“,- განაცხადა რავია რაგეჰმა მიკრობლოგის საშუალებით.

ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ გამოძიება იმ პირებმა უნდა ჩაატარონ, რომლებსაც საუდის არაბეთის ხელისუფლებასთან ახლო ურთიერთობა არ აქვთ.

საუდის არაბეთმა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა ცოტა ხნის წინ დაადასტურა. სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის სტამბოლში საკონსულოს ტერიტორიაზე „ჩხუბის შედეგად“ გარდაიცვალა.