Amnesty International-ის ფრანგული განყოფილება საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველების მხრიდან რეზინის ტყვიების გამოყენების აკრძალვას მოითხოვს

00:39, 03.10.2026

Amnesty International-ის ფრანგული განყოფილება საფრანგეთში მოსწავლეთა მასობრივ საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველების მხრიდან რეზინის ტყვიების გამოყენების აკრძალვას მოითხოვს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ  ბოლო დღეებში განვითარებული ინციდენტების დროს, არასრულწლოვანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ძალას გადაამეტეს,  რასაც მძიმე დაზიანებები მოჰყვა.

განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ე.წ. არალეტალური, კინეტიკური იარაღის – რეზინის ტყვიების (LBD) გამოყენების საშიშროებაზე. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მსგავსი აღჭურვილობის გამოყენება მშვიდობიანი მანიფესტაციების დროს დაუშვებელია და მთავრობისგან მის სრულ აკრძალვას ითხოვს.

„უკვე წლებია, სამართალდამცველების მხრიდან აქციებზე LBD-ს (რეზინის ტყვიების გამშვები იარაღის) გამოყენების საშიშროებაზე ვაფრთხილებთ. შეგახსენებთ, რომ ეს არის იარაღი, რომელიც ფრანგული კანონმდებლობით სამხედრო აღჭურვილობას განეკუთვნება. იმის გამო, რომ მისი გამოყენება ზედმეტად საშიშია, ჩვენ უკვე წლებია, ვთხოვთ მის შეჩერებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

საფრანგეთში სკოლების მოსწავლეების საპროტესტო აქციები გრძელდება. მედიის ცნობით, მოსწავლეები კლასებში გადატვირთულობას, მასწავლებლების ნაკლებობასა და განათლების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებს აპროტესტებენ.

მსგავსი