„ამნესთი ინთერნეიშენალმა“ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი
„ამნესთი ინთერნეიშენალმა“ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი

„ამნესთი ინთერნეიშენალმა“ (Amnesty International) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოსცა. ანგარიში შეეხება 2019 წელს განვითარებულ მოვლენებს.

ანგარიშში საქართველოს შესახებაც არის საუბარი. ორგანიზაციის მიერ ქართულ ენაზე გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევების შესაძლო ჩადენის ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებები შედეგის გარეშე მიმდინარეობდა, რის გამოც საპროკურორო და საგამოძიებო ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობა კიდევ უფრო შემცირდა.

„გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შესახებ შიშები გამოითქვა.დემონსტრაციის დაშლისას დედაქალაქ თბილისში პოლიციამ არაპროპორციული და განურჩეველი ძალა გამოიყენა, რის შედეგადაც დემონსტრანტთა ნაწილმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ხელისუფლებამ საქართველოში დაგეგმილ პირველ პრაიდს უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე უარი უთხრა. რუსეთმა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ტერიტორიებმა გააგრძელეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა დანარჩენ საქართველოსთან, რაც ადგილობრივი მაცხოვრებლების ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებზე უარყოფითად აისახა“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში საუბარია ზოგად მოცემულობაზე: „მას შემდეგ რაც ივნისში საქართველოში ვიზიტად მყოფმა რუსეთის პარლამენტის წევრმა, რომელიც საქართველოს დედაქალაქში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასალმბლეას თავმჯდომარეობდა, საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელი დაიკავა, თბილისში ანტისამთავრობო და ანტირუსული დემონსტრაციები დაიწყო. დემონსტრაციების საპასუხოდ რუსეთმა საქართველოსთან საჰაერო მგზავრობა აკრძალა. დემონსტრანტთა მოთხოვენების ნაწილის დასაკმაყოფილებლად, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“უფრო მეტად პლურალისტული პარლამენტის შექმნის მიზნით საარჩევნო რეფორმა გამოაცხადა. ეს დაპირება არ შესრულდა, რამაც ნოემბერში დამატებითი ანტისამთავრობო დემონსტრაციები გამოიწვია.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, რომლებიც სასამართლოს მიმდინარე რეფორმას აკრიტიკებდნენ, განაცხადეს, რომ მოსამართლეთა „ძველმა გვარდიამ“ მათი მხარდამჭერების მოსამართლეებად დანიშვნითა და დამოუკიდებელი მოსამართლეებისათვის სასამართლოში საქმიანობის გაგრძელების ხელის შეშლით რეფორმირებული სასამართლო სისტემა ხელში ჩაიგდო.

რუსეთის ფედერაციას მისი სამხედრო ძალები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში კვლავ დისლოცირებული ჰყავდა და ამ ტერიტორიების კონტროლს აგრძელებდა.რუსული ძალები და დე ფაქტო სეპარატისტული ხელისუფლებები საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის,მათ შორის ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიისთვის (EUMM)აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში შესვლის აკრძალვას აგძელებდნენ. ოქტომბერში ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამEUMM-ის დამკვირვებლები, როდესაც ისინი გამყოფ ხაზზე პატრულირებდნენ, მოკლე დროით დააკავა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

„ამნესთი ინთერნეიშენალის ანგარიშის თანახმად, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე სისხლის სამართლის გამოძიებები შედეგების გარეშე მიმდინარეობდა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მის საგამოძიებო საქმიანობას ნოემბერში შეუდგა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ცალკე მდგომი სახელმწიფო ინსტიტუტია რომელიც სახელმწიფო ორგანოთა თანამშრომლების მიერ ჩადენილ განსაკუთრებით მძიმესისხლის სამართლის დანაშაულებს, მათ შორის წამებასა და სხვა არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს იძიებს. თუმცა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამოძიებებზე „საზედამხედველო ფუნქცია“ პროკურატურას დარჩა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ანტიტერორისტული ოპერაციისას პანკისის ხეობაში 18 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის გამოძიება ვერ დასრულდა. თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს მსხვერპლის სტატუსი არ მიენიჭა, შესაბამისად მათ საქმის მასალებზე წვდომა შეზღუდული ჰქონდათ. ოჯახმა უარყო ოფიციალური ვერსია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილმა საკუთარ სახლში ყუმბარის აფეთქება სცადა მისი დაკავებისას. გამოძიებამ ოჯახის პოზიცია არ გაიზიარა.

სავარაუდოდ ქართველი ძალოვნების მიერ 2017 წელს აზერბაიჯანელი საგამოძიებო ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცებისა და აზერბაიჯანში მისი იძულებითი დაბრუნების შესახებ გამოძიება შედეგების გარეშე მიმდინარეობდა. აფგან მუხთარლი აზერბაიჯანში საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და კონტრაბანდისთვის გამოგონილი ბრალდებებით ციხეში რჩებოდა.

ივნისში ხელისუფლებამ თბილისში2017 წელს სკოლის მოსწავლეთა შელაპარაკების,რომლის დროსაც ორი მოზარდი მოკლეს, ერთ-ერთი მონაწილე მკვლელობის ბრალდებით დააკავა. ერთ-ერთი მოკლულის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ორი წელი ითხოვდა საქმის თავდაპირველი გამოძიების შედეგების გადახედვას. იგი ამტკიცებდა, რომ მისი შვილის მკვლელს პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში ზოგიერთი საჯარო მოხელე ხელს აფარებდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების მიუხედავად თანამდებობის პირების მიერ გამოძიებისთვის ხელის სავარაუდო შეშლაზე გამოძიება არ დაწყებულა. საქმეზე შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში 10 თანამდებობის პირი გამოავლინა, რომლებმაც გამოძიებას სავარაუდოდ ხელი შეუშალეს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიში მოიცავს თავს მედიის თავისუფლების შესახებ.

„წუხილები მედიის თავისუფლების კუთხით, განსაკუთრებით საქმეებზე რომლებიც საზოგადოების, მათ შორის ოპოზიციური მედიის მიერ, მთავრობის კრიტიკოსთა პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად აღიქმებოდა შენარჩუნდა.

აგვისტოში მედიის მმართველისა და მთავრობის გამორჩეული კრიტიკოსის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ოპოზიციური ტელეარხის „რუსთავი-2“-ის მმართველობის დროს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით სისხლის სამართლის დევნა დაიწყეს. მომდევნო თვეებში, მას ქონების გაფლანგვის, დოკუმენტის გაყალბებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით დამატებითი ბრალი წაუყენეს.ყურადღების მისაქცევი იყო ის, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა „რუსთავი 2“-ს მფლობელობის შესახებ გრძელი სამართლებრივი დავის გადაწყვეტის შემდგომ დაიწყო. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ყოფილი მფლობელის ხელში გადავიდა, რომელიც ხელისუფლების მხარდამჭერად არის ცნობილი.

კიდევ ერთი გახმაურებული საქმე ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს ეხებოდა, რომელსაც ფულის გათეთრებას ედავებოდნენ. მამუკა ხაზარაძე ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებამ 2018 წელს მას მუქარის წერილი გამოუგზავნა, სადაც მისი ბიზნეს პარტნიორის მფლობელობაში არსებული ტელევიზიის – „ტელეკომპანია პირველის“ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა მოსთხოვეს. აგვისტოში „ტელეკომპანია პირველის“ მფლობელის მამასაც წაუყენეს ბრალი ფულის გათეთრების იმავე საქმეზე“, – აღნიშნულია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, 20 ივნისს ათასობით ანტისამთავრობო დემონსტრანტის დაშლისას პოლიციამ არაპროპორციული და განურჩეველი ძალა იხმარა.

„მას შემდეგ რაც ზოგიერთმა დემონსტრანტმა პარლამენტის შენობაში შევარდნა სცადა, პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ვიდეო ჩანაწერებმა და თვითმხილველთა ჩვენებებმა აჩვენა, რომ პოლიცია განურჩევლად ესროდა დემონსტრანტთა მასას და მცირე ძალადობრივ დემონსტრანტებს დანარჩენი მშვიდობიანი უმრავლესობისგან არ ასხვავებდა. დაშლისას დაახლოებით 240 ადამიანი, მათ შორის 40-მდე ჟურნალისტი ფიზიკურად დაზიანდა. პოლიციასთან წინააღმდეგობის გაწევისთვის და საჯარო წესრიგის დარღვევისთვის 100 მონაწილეზე მეტი დააკავეს. მათი უმეტესობა 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ გამოუშვეს.

ხელისუფლებამ 20 ივნისის მოვლენების გამოძიება დაიწყო და 17 დემონსტრანტს, მათ შორის პარლამენტის წევრს ოპოზიციიდან, არეულობის ორგანიზებასა ან მასში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენა. ამას გარდა ოთხ პოლიციელს ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის ბრალი წაეყენა.

თბილისში ხელახალი დემონსტრაციებისას დეკემბერში,როდესაც მონაწილეები საარჩევნო სისტემის რეფორმას ითხოვდნენ და დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტის შენობის ბლოკირება დაიწყო, ხელისუფლებამ მინიმუმ ორჯერ წყლის ჭავლი გამოიყენა. 12 ადამიანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნებთან დაუმორჩილებლობის მიზეზით დააკავეს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა და დე ფაქტო მთავრობებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში დანარჩენ საქართველოსთან გამყოფ ხაზზე ფიზიკური ბარიერების აღმართვა და გადაადგილების შეზღუდვები გააგრძელეს. აღნიშნულმა ადგილობრივ თემებს ბაღებზე, საძოვრებსა და სახნავ-სათეს მიწებზე წვდომა წაართვა, რამაც მათი ცხოვრების სათანადო დონის უფლებაზე ნეგატიური გავლენა იქონია.

სექტემბრიდან მოყოლებული დე ფაქტო მთავრობამ ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელ ორ დარჩენილ გამშვებ პუნქტზე ყოველგვარი გადაადგილება აკრძალა, რამაც ადგილობრივთა ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა და სეპარატისტული რეგიონის მოსახლეობას ჯანდაცვაზე, განათლებასა და ოჯახურ ვიზიტებზე დანარჩენ საქართველოსთან წვდომა ჩამოართვა.

რუსეთის ძალებმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ ათობით ადამიანი „საზღვრის უკანონო კვეთისთვის“ დააკავა და დააჯარიმა. 9 ნოემბერს ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში გადასვლის მცდელობისას დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლებამ  მას „საზღვრის უკანონო კვეთისთვის“ ბრალი წაუყენა და 21 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მზარდი საერთაშორისო წნეხის შედეგად ვაჟა გაფრინდაშვილი 28 დეკემბერს გაათავისუფლეს, – აღნიშნულია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიშში.

ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლება ლგბტი ადამიანების უფლებებს სათანადოდ არ იცავდა.

„სახელმწიფომ უარი თქვა, პირველი პრაიდი საქართველოში დაეცვა, რომელიც თბილისში ივნისში იგეგმობოდა და პრაიდის ხელმძღვანელებს მსვლელობის გაუქმებისკენ მოუწოდა, იმ მიზეზით, რომ პოლიცია მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა. პრაიდის მაგივრად, ლგბტი აქტივისტებმა ექსპრომტად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოკლე პროტესტი გამართეს.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაახლოებული ადგილობრივი ბიზნესმენის მეთაურობით ჰომოფობიურმა ჯგუფმა გადაწყვიტა ძალადობრივი კონტრდემონსტრაციის ორგანიზება რათა თბილისის პრაიდის მსვლელობა შეეჩერებინა. ჯგუფმა იმ ადამიანებზე თავდასხმის მიზნით რომლებიც ლგბტი თემის ნაწილად აღიქმებოდნენ „სახალხო რაზმების“ შექმნა დაიწყო. პრაიდის ორგანიზატორებმა და ლგბტი თემის მოკავშირეებმა და მხარდამჭერებმა სიცოცხლის მოსპობის მუქარები მიიღეს.

ამ მუქარებს ხელისუფლება ადეკვატურად ვერ გაუმკლავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „უკანონო ფორმირებების“ შექმნაზე გამოძიება დაიწყო, თუმცა გამოძიებამ წლის ბოლომდე კონრეტული შედეგები ვერ დადო“, – აღნიშნულია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში ვეცნობით ინფორმაციას შრომითი უფლებების შესახებ.

„შრომითი პირობების არასაკმარისი მონიტორინგისა და შესაბამისი სტანდარტების აღსრულების პრობლემის ფონზე სამსახურეობრივი სიკვდილიანობის ათზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა განსაკუთრებით მაღაროებსა და სამშენებლო ინდუსტრიაში.

თებერვალში პარლამენტმა 2015 წელს შექმნილი შრომითი ინსპექციის დეპარტამენტის სამართლებრივი ფუნქციები დამატებით გაზარდა. ახალი კანონმდებლობით დეპარტამენტს უსაფრთხოების სტანდარტების შემოწმება სასამართლოს ნებართვისა და წინასწარ გაფრთხილების გარეშე ყველა ინდუსტრიაში შეუძლია. თუმცა, მას უსაფრთხოების მიღმა შრომითი პირობების,მათ შორის გრძელი სამუშაო საათებისა და საწარმოო წნეხის უარყოფითი შედეგების შემოწმების უფლება მაინც არ აქვს. გრძელი სამუშაო საათები და საწარმოო წნეხი საქართველოს ბევრ ინდუსტრიაში მუდმივ პრობლემად რჩება და უბედური შემთხვევების ხშირი გამომწვევია“, – აღნიშნულია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიშში.

დატოვე კომენტარი