„ამნესთი ინთერნეიშენალის“ მიხედვით, სამშობლოში დაბრუნებულ სირიელებს უსაფრთხოების ძალები აწამებენ
„ამნესთი ინთერნეიშენალის“ მიხედვით, სამშობლოში დაბრუნებულ სირიელებს უსაფრთხოების ძალები აწამებენ

ამნესთი ინთერნეიშენალის“ მიხედვით, სამშობლოში დაბრუნებულ სირიელებს უსაფრთხოების ძალები აწამებენ.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერის“ ავრცელებს.

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ამნესთი ინთერნეიშენალმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ სირიაში დაბრუნებულ ლტოლვილებს უსაფრთხოების სამსახურები აკავებენ და აწამებენ. ანგარიშის მიხედვით, დაზვერვის თანამშრომლების მხრიდან წამების ფაქტები 66 ლტოლვილზე დაფიქსირდა, რომელთა შორის 13 არასრულწლოვანია. გარდა ამისა, ანგარიშში მითითებულია, რომ ხუთი პირი პატიმრობაში გარდაიცვალა.

ორგანიზაციამ ევროპის ქვეყნებს, ასევე თურქეთს, იორდანიას და ლიბანს მოუწოდა შეწყვიტონ ლტოლვილების უკან, სირიაში გაბრუნების პრაქტიკა. ორგანიზაციის მიხედვით, სირიაში საომარი შეტაკებები შესაძლოა, დასრულდა, თუმცა სირიის მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა კვლავ გრძელდება.

გარდა უფლებადამცველი ორგანიზაციისა, სირიელი ლტოლვილების უკან გაბრუნების შეწყვეტისკენ საერთაშორისო საზოგადოებას გაერომაც მოუწოდა.

სირიის მთავრობა ლტოლვილთა წამების ფაქტებს უარყოფს. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის თქმით, მილიონობით ლტოლვილი, მასპინძელი ქვეყნების მხრიდან, ზეწოლასა და დაშინებას განიცდიან და ადგილობრივი მთავრობები საერთაშორისო დახმარების მიღების სანაცვლოდ სირიის მოქალაქეებს მათ ქვეყნებში დარჩენას აიძულებენ.

დატოვე კომენტარი