„ამნესთი ინთერნეიშენალი“ - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ყველა ის პირი, ვინც დააკავეს მხოლოდ გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებების განხორციელებისთვის
„ამნესთი ინთერნეიშენალი“ - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ყველა ის პირი, ვინც დააკავეს მხოლოდ გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებების განხორციელებისთვის

საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააჩუმოს მშვიდობიანი დემონსტრანტები დაშინებისა და დასჯის გზით, – ამის შესახებ „ამნესთი ინთერნეიშენალის“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილის, დენის კრივოშეევის სახელით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საზოგადოებრივ შეკრებებთან დაკავშირებით მიღებული ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ პოლიციამ ათობით დემონსტრანტი დააკავა.

„ეს დაკავებები ხაზს უსვამს საქართველოში რეპრესიების მწვავე ტენდენციებს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ, საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით საპროტესტო აქციებზე გარკვეული შეზღუდვები დააწესონ, ახალი ცვლილებები სცდება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დაშვებულ ნორმებს.

მშვიდობიანმა შეკრებებმა შეიძლება დროებით შეაფერხოს მოძრაობა ან გამოიწვიოს დისკომფორტი, მაგრამ ეს არ ამართლებს დაშლას ან დაკავებას, რაც აღნიშნული არაძალადობრივი საპროტესტო აქტივობის დროს უკანასკნელი ზომა უნდა იყოს.

საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააჩუმოს მშვიდობიანი დემონსტრანტები დაშინებისა და დასჯის გზით.

ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ყველა ის პირი, ვინც დააკავეს მხოლოდ გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებების განხორციელებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.