„ამნესთი ინთერნეიშენალი“ - საქართველოს ხელისუფლებამ გაყინა შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები იმის გამო, რომ მომიტინგეებს დამცავი საშუალებებით ამარაგებდნენ, რეპრესიები უნდა შეწყდეს
საქართველოს ხელისუფლებამ გაყინა შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები და „საბოტაჟის“ ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე გახსნა. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ეს შეიძლება, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების დაკავებით დასრულდეს, – ამის შესახებ აღნიშნულია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ განცხადებაში.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების „საბოტაჟის მომწყობებად“ შერაცხვით ხელისუფლება საშიშ სიგნალს უგზავნის სხვებს, ვინც ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავს.
„საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების სივრცე ვიწროვდება. ხელისუფლებამ გაყინა შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები და „საბოტაჟის“ ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე გახსნა იმის გამო, რომ ისინი მომიტინგეებს დამცავი საშუალებებით ამარაგებდნენ. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ეს, შეიძლება, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების დაკავებით დასრულდეს.
დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების „საბოტაჟის მომწყობებად“ შერაცხვით ხელისუფლება აფერხებს მათ საქმიანობას და საშიშ სიგნალს უგზავნის სხვებს, ვინც ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავს.
ადამიანის უფლებების დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საქმიანობის შეწყვეტით, თავად საქართველოს ხელისუფლება ჩადის „საბოტაჟს“ საკუთარი მოსახლეობის უფლებების წინააღმდეგ. ეს რეპრესიები უნდა შეწყდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.