„ამნესტი ინტერნეიშენალი“ თბილისში დემონსტრაციაზე პოლიციის მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოძიებას ითხოვს
„ამნესტი ინტერნეიშენალი“ თბილისში დემონსტრაციაზე პოლიციის მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოძიებას ითხოვს

„ამნესტი ინტერნეიშენალი“ თბილისში დემონსტრაციაზე პოლიციის მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ამნესტი ინტერნეიშენალის“ ცნობით, თბილისში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების დროს სამართალდამცველების მიერ რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი აირის გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით, დაუყოვნებელი და დამოუკიდებელი გამოძიება უნდა წარიმართოს.

განცხადებაში „ამნესტი ინტერნეიშენალის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელის, ლევან ასათიანის ციტატაა მოყვანილი, რომელიც განვითარებულ მოვლენებს პირადად ადევნებდა თვალყურს.

„თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ პოლიცია ხალხის მიმართულებით რეზინის ტყვიებს განურჩევლად ისვროდა. უწესრიგო სროლის შესახებ ცნობებს ადასტურებს ვიდეომასალებიც. რეზინის ტყვია, რომელმაც შესაძლოა, ადამიანი სერიოზულად დააზიანოს, არასდროს უნდა მოიხმარონ განურჩევლად. პოლიციას აქვს ვალდებულება დაიცვას საჯარო წესრიგი და ძალადობას უპასუხოს, თუმცა მათი რეაგირება უნდა იყოს პროპორციული“, – აღნიშნავს „ამნესტი ინტერნეიშენალის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი.

ლევან ასათიანის განმარტებით, პოლიციის აღნიშნული ქმედების შედეგად ბევრი ადამიანი დაშავდა. მათ შორის 31 ჟურნალისტია. მისი თქმით, ჟურნალისტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენეს მიუხედავად იმისა, რომ ისინი იდენტიფიცირებულები იყვნენ როგორც რეპორტიორები და მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ.

„ამნესტი ინტერნეიშენალის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი მომავალში მოსალოდნელ დემონსტრაციებთან დაკავშირებით პოლიციას მოუწოდებს, პატივი სცეს შეკრების თავისუფლებას.