„ამნესტი ინტერნეიშენალი“ - ხელისუფლებამ „თბილისი პრაიდის" მონაწილეთა უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს
„ამნესტი ინტერნეიშენალი“ - ხელისუფლებამ „თბილისი პრაიდის" მონაწილეთა უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს

ხელისუფლებამ „თბილისი პრაიდის” მონაწილეთა უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოფს, – ამის შესახებ აღნიშნულია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ამნესტი ინტერნეიშენალის“ განცხადებაში.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 18-22 ივნისს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ლგბტ პრაიდის კვირეული პირველად იმართება, თბილისში იქნება სახალხო მსვლელობა.

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა უზრუნველყოს „თბილისი პრაიდის” მონაწილეთა უსაფრთხოება, ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან ძალადობის უპრეცედენტო მუქარის ფონზე.

ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან მჭიდრო კავშირის მქონე, ადგილობრივი ბიზნესმენის მიერ მართული ჰომოფობიური ჯგუფი, ძალადობრივ კონტრ-დემონსტრაციას გეგმავს , რათა შეაჩერონ თბილისი პრაიდის მარში. 16 ივნისს ჯგუფის ლიდერმა განაცხადა, რომ ის სამოქალაქო დაცვის ერთეულების ფორმირებას იწყებს, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან ხის კომბლებით, რათა თავს დაესხან „თბილისი პრაიდის” მარშის მშვიდობიან მონაწილეებს. მან ასევე გაავრცელა მუქარა იმ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და დიპლომატების წინააღმდეგ, ვინც მარშზე დასწრებას გეგმავს. 16 ივნისს ზოგიერთმა ქართულმა მედიასაშუალებამ გადმოსცა, რომ სამოქალაქო დაცვაში ათობით მხარდამჭერი ჩაერთო.

17 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება „უკანონო ფორმირების დაფუძნებასთან“ დაკავშირებით. ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ გამოძიების მიუხედავად, ჰომოფობიური მხარდამჭერების გაწევრიანება სამოქალაქო დაცვის ფორმირებაში გრძელდება. „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა „ამნესტი ინტერნეიშენალს” განუცხადეს, რომ ისინი კვლავ იღებენ მოკვლის მუქარებს.

ასევე, 17 ივნისს, შსს-ის წარმომადგენლები შეხვდნენ „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს და განაცხადეს, რომ მათ არ შესწევთ უნარი, უზრუნველყონ პრაიდის მარშის უსაფრთხოება საჯარო სივრცეში. ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერმა განაცხადა, რომ ის აჩერებს სამოქალაქო დაცვის დანაყოფის ფორმირებას, თუმცა განაახლებს, თუ პრაიდის მარში შედგება”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები დისკრიმინაციის გარეშე სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საფუძველზე საჯაროდ მშვიდობიანი შეკრების უფლებას უზრუნველყოფს.

ამნესტი ინტერნეიშენალის” განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს პოზიტიური ვალდებულება, მიიღოს ყველა საჭირო ზომა „თბილისი პრაიდის’ მარშის თავდასხმებისგან დასაცავად.

ამნესტი ინტერნეიშენალი” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საჯაროდ დააფიქსიროს მხარდაჭერა „თბილისი პრაიდის” მარშის მიმართ, ეფექტურად გამოიძიოს მუქარა და ზემოთხსენებული თავდასხმის გეგმები და დაუყოვნებლივ მიიღოს რეალური და ეფექტური ზომები ძალადობის აქტების თავიდან ასარიდებლად”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ცნობით, „ამნესტი ინტერნეიშენალის” მონიტორინგის გუნდი დააკვირდება „თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილ ღონისძიებას.

ამასთან, როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ლგბტ ადამიანები დისკრიმინაციისა და ძალადობის წინაშე დგანან საქართველოში, „როდესაც ხელისუფლება ხშირად განიცდის მარცხს ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტურად გამოძიებაში”.

„2012 წლის 17 მაისს, მშვიდობიანი მარშს თბილისის ცენტრში, სადაც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღე აღინიშნებოდა, მარშის მონაწილეებს თავს დაესხა მართლმადიდებელი ქრისტიანების ჯგუფი, შეურაცხყოფდნენ და ემუქრებოდნენ ლგბტ აქტივისტებს.

2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღე ათასობით დემონსტანტის ძალადობრივი თავდასხმით ჩაიშალა, ვიდრე პოლიცია წარუმატებლად ცდილობდა მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას. არც ერთი თავდასხმა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის შეკრებიდან ეფექტურად არ გამოძიებულა”, – აღნიშნულია „ამნესტი ინტერნეიშენალის” განცხადებაში.