ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ „ამნესტი ინტერნეშენალი“ განცხადებას ავრცელებს 
ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ „ამნესტი ინტერნეშენალი“ განცხადებას ავრცელებს 

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშენალი“ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, სამხრეთ ოსეთის – ცხინვალის რეგიონის სეპარატისტულ ტერიტორიასა და დანარჩენ საქართველოს შორის გადაადგილების სრული აკრძალვა ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს უხეშად არღვევს.

„ამნესტი ინტერნეშენალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სექტემბრის თვის შემდეგ, დე ფაქტო მთავრობამ ცხინვალის რეგიონში, ე.წ. გამყოფ ხაზზე მოქმედ ერთადერთ  პუნქტზე გადაადგილება შეზღუდა, რაც კიდევ უფრო აუარესებს ჰუმანიტარულ მდგომარეობას. მოსახლეობას არ აქვს წვდომა ჯანდაცვაზე, განათლებაზე და ვერ ახერხებენ ოჯახის წევრების მონახულებას.

განცხადების მიხედვით, განსაკუთრებით პრობლემები ექმნებათ ასაკოვან მოქალაქეებს, სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს. მოსახლეობა მოკლებულია შესაძლებლობას, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მაღალი ხარისხის სამედიცინოს დახმარებით ისარგებლოს.

„ამნესტი ინტერნეშენალის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამის გამო ერთი შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა.

„ოქტომბერში ახალგორში 70 წლის მარგო მარტიაშვილი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც დე ფაქტო მთავრობამ მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის ნებართვა არ მისცა​. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მცხოვრები მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილების უფლება მკაცრად იყო შეზღუდული, 2019 წლის სექტემბრამდე მოსახლეობა მაინც ახერხებდა გამყოფი ხაზის გადაკვეთას. სექტემბერში დე ფაქტო ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ე.წ. გამშვები პუნქტები დაეხურა, რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პოლიციის პოსტის გახსნით ახსნა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ამნესტი ინტერნეშენალის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ უნდა გახსნას ე.წ. გამშვები პუნქტები და დაიცვას ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები.

განცხადებაში ასევე საუბარია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე.

„საერთაშორისო სამართლის მიხედვით, წამება ან სხვა სასტიკი, არაჰუმანური, ღირსების შემლახველი მოპყრობა საერთაშორისო სამართლის მიხედვით სრულად არის აკრძალული. ასევე, მსგავსი დაკავებები თვითნებურია, არღვევს პირის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს. ამ გარემოებაში ორივემ, რუსეთმა და დე ფაქტო ხელმძღვანელობამ უნდა უზრუნველყონ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყონებლივ გათავისუფლდეს, მას მიყენებული მორალური ზარალისთვის დაენიშნოს კომპენსაცია. ასევე, უნდა უზრუნველყონ, რომ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არავინ გახდეს წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი.

9 ნოემბერს, რუსმა მესაზღვრეებმა და დე ფაქტო მთავრობის უსაფრთხოების ძალებმა საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავეს, როცა ის ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთას ცდილობდა. დე ფაქტო მთავრობამ მას ბრალი დასდო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, რაც ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც წესი, მოქალაქეებს, რომლებიც არღვევენ ე.წ. საზღვარს, აჯარიმებენ და რამდენიმე დღეში ათავისუფლებენ.

ვაჟა გაფრინდაშვილი არის ერთ-ერთი იმ ოთხი ადამიანიდან, რომლებიც 9-დან 11 ნოემბრამდე ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დააკავეს. სამი მათგანი დააჯარიმეს და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოუშვეს.

ვაჟა გაფრინდაშვილს უფრო სერიოზულ ბრალს დებენ, რადგან დე ფაქტო მთავრობა მიიჩნევს, რომ მან განზრახ გადაკვეთა საზღვარი. შოთა ბიძინაშვილმა, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად ცხინვალის იზოლატორში ცხრა დღე გაატარა, მედიასთან განაცხადა, რომ ისინი ცივ და ნესტიან ადგილას ჰყავდათ, სადაც ჰაერი არ იყო. მისივე თქმით, დაკავებისას მას თავი დაუზიანდა, მაგრამ სამედიცინო დახმარებაზე უარი მიიღო, პირველი სამი დღის განმავლობაში კი არ აჭმევდნენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.