„ამნესთი ინთერნეიშენალი“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე ანგარიშს აქვეყნებს
„ამნესთი ინთერნეიშენალი“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე ანგარიშს აქვეყნებს

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალი“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში საქართველოზეც არის საუბარი.

„21 მარტს საქართველომ დააწესა საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ზომები, რომლებიც იყო აუცილებელი, პროპორციული და მოტივირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლეგიტიმური მიზნებით.

საპრეზიდენტო დეკრეტი საგანგებო მდგომარეობის შესახებ მოიცავდა შეჩერებული უფლებებისა და სპეციალური ზომების ამომწურავ სიას. აღნიშნული ზომები მოიცავდა შეზღუდვებს, რომლებიც შემუშავებული იყო „კოვიდ-19“-ზე რეაგირების ფარგლებში, მათ შორის, კარანტინის რეგულაციებს, საერთაშორისო და შიდა მოგზაურობის შეზღუდვას, ციხეებში ვიზიტსა და საზოგადოებრივი სერვისებს. დეკრეტით ასევე დასაშვები იყო კერძო საკუთრების საზოგადოებრივი ჯანდაცვის საჭიროებებისთვის გამოყენება და საბაზისო პროდუქტებზე ფასების რეგულირება. თუმცა, გამოითქვა შეშფოთება, რომ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული ზომები გამოყენებულ იქნა დისკრიმინაციულად. სამედიცინო რჩევების საწინააღმდეგოდ, ძირითადად არ იყო შეზღუდული რელიგიური შეკრებები, რათა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აღდგომას შეძლებოდა ლიტურგიის ჩატარება. ბზობისა და აღდგომის აღნიშვნისას 12 და 19 აპრილს საქართველოში რამდენიმე მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო ათობით მორწმუნე. საქართველოში ყველა სხვა რელიგიური ჯგუფი ნებაყოფლობით შეთანხმდა, საზოგადოებისთვის დაეხურათ რელიგიური დაწესებულებები. 15 აპრილს საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირტაგ ასადოვმა განაცხადა, რომ რამადანის დაწყებისას ასევე გახსნიან მეჩეთებს და ელოდებიან, რომ მთავრობა მათ ისევე გაგებით მოეკიდება, როგორც ეს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ გამოიჩინეს. ამ განცხადებიდან ორი დღის შემდეგ, მირტაგ ასადოვი დაკითხვაზე დაიბარეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სახელმწფო საბოტაჟის მცდელობასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიშში.

ამასთან, უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ რეგიონში ზოგიერთი ქვეყნის მოსახლეობამ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად მიიღო ზომები. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად საქართველოა დასახელებული.

„14 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ მთავრობა გეგმავს, უმუშევრობის შემწეობა გადაუხადოს მათ, ვინც „კოვიდ-19“-ისა და შეზღუდვების უზრუნველყოფის გამო სამსახური დაკარგა. მთავრობამ ასევე გამოაცხადა, რომ საგანგებო მდგომარების მოქმედების თვეების განმავლობაში დაფარავს გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადს მათთვის, ვინ მოიხმარს ყოველთვიურად 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 კუბური მეტრის ოდენობაზე ნაკლებ ბუნებრივ აირს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დატოვე კომენტარი