ამირან სალუქვაძე - ნიკა მელია დღეს მუდმივად „ლელოს“ ოფისშია, ამით გვიჩვენებენ, რომ კოალიციურობანას თამაშობენ
ამირან სალუქვაძე - ნიკა მელია დღეს მუდმივად „ლელოს“ ოფისშია, ამით გვიჩვენებენ, რომ კოალიციურობანას თამაშობენ

ჩვენ ვნახეთ კრწანისის მაგალითზე, რომელიც ელექტრონულია, რომ ის ციფრი დაჯდა, რაც „გორბის“ ეგზიტპოლზე იყო, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს ყველა უბანზე რამდენად დაჯდება, შევხედავთ და ამ ეგზიტპოლების სიზუსტე გამოჩნდება. კარგი იქნებოდა, ეგზიტპოლი Edison Research-საც ჩაეტარებინა, რადგან პირველ ტურში ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად, ზუსტად დაჯდა მონაცემები და გამიკვირდა, რომ მეორე ტურში არ ატარებდნენ. ასე რომ, კარგი იქნებოდა, Edison Research-ის ეგზიტპოლები „გორბის“ ეგზიტპოლების საპირწონედ ყოფილიყო. რაც შეეხება „მთავარის“ ეგზიტპოლებს, იმ სკანდალის შემდეგ, რაც გუშინ მოხდა, ერთ დღეში თუ ხდება გადალაგება და შესაძლებელია, მაქსიმალურად ზუსტი ეგზიტპოლები დადო, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, სანდოობას არ იწვევს. ის ციფრები, რაც დაიწერა, ერთი და იგივე ციფრებია ორ მუნიციპალიტეტში და ერთი და იგივე სამ მუნიციპალიტეტში, 53/47-ზე და 51/49-ზე. არ ვიცი, ალბათობის თეორიაში ეს, რომ ციფრები ასე დაჯდეს, არის ძალიან რთული. იმიტომ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა რიცხოვნობის ამომრჩეველია და ასე რიცხვების დასმა რთულია. ამიტომ, მე ეს საეჭვოდ მიმაჩნია, მაგრამ აგერ არის გადათვლის პროცესი, რომელიც უკვე დაიწყო. იქ არიან კომისიის წევრები, ხელს აწერენ და რაც დაჯდება, კეთილი ინებონ და ყველამ მიიღოს“, – განაცხადა სალუქვაძემ.

გადაცემის წამყვანის, მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად აზღვევს ერთპარტიული მმართველობის რისკს ჩრდილოვანი კაბინეტის არსებობა, ამირან სალუქვაძემ განაცხადა, რომ სრული კატასტროფაა ეს ჩრდილოვანი კაბინეტიც და ის დაპირებებიც, რაც კოალიციის მხრიდან იყო.

„ერთია, როცა არჩევნებზე შემდგარი კოალიციით გადიხარ, მაგრამ კოალიციებს რას უშვებიან, ამ 30 წლის მანძილზე მივეჩვიეთ. იგივე „ნაციონალური მოძრაობა“ კოალიციით იყო, ბურჯანაძე-ჟვანია და ასე შემდეგ და ვიცით, რა ბედი ეწია. ახლა რომ ამბობენ, პირველი კოალიციაო, ეს არ არის პირველი კოალიცია. „ოცნებაც“ კოალიციით მოვიდა, შემდეგ თავისი პარტია გააძლიერეს და ა.შ. მეორე ტურის წინ ოპოზიცია რომ პოპულისტური განცხადებებით გამოვიდა, ეს ხდება, როცა იდეოლოგიურად გაუმართავი კოალიციაა, აჯაფსანდალი, გოგლი-მოგლი, თუ რაც გნებავთ, ის დავარქვათ. ჰიპოთეტურად, ოპოზიციამ რომ გაიმარჯვოს და ამ დაპირებების შესრულება დაიწყოს, თბილისის ბიუჯეტს მთლიანად ჩამოშლის. მე ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ უმაღლესი განათლება ყველას გვაქვს და ვიცით, რომ ფულის დარიგება არის კატასტროფა. ბიუჯეტს და ეკონომიკას ამოძრავებს ბიზნესი და ფულის სწორად ხარჯვა პროექტებში და ა.შ. ამიტომ, სრული კატასტროფაა, ეს ჩრდილოვანი კაბინეტიც და ის დაპირებებიც, რაც იყო“, – განაცხადა სალუქვაძემ.

როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, ნიკა მელიას „ლელოს“ ოფისში ყოფნით ოპოზიცია კოალიციობანას თამაშობს.

„ჩვენ ვაკვირდებით, რომ მელია დღეს მუდმივად „ლელოს“ ოფისშია. ამით გვიჩვენებენ, რომ კოალიციურობანას თამაშობენ“, – განაცხადა სალუქვაძემ.

სალუქვაძემ ასევე განაცხადა, რომ თუ ოპოზიცია რომელიმე მუნიციპალიტეტში მოიგებს, ეს ტრაგედია არ არის და პირიქით, კარგია, მაგრამ როცა ასეთი დაპირებები იყო და ოპოზიციამ 64 დან 44 მუნიციპალიტეტში პირველივე ტურში წააგო, ეს დამანგრეველი დამარცხებაა.

როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, ჩრდილოვანი კაბინეტი არის აბსურდი.

„იმიტომ, რომ უკვე არ შედგა. რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, თუ ოპოზიციამ სადმე მოიგო, მე მათგან არ ველოდები პოლიტიკურ კულტურას, რომ იქ ნორმალური ოპოზიციური კოალიცია შედგეს. დაგვანახონ პოლიტიკური კულტურა, რომ ეს არ ანგრევს ქვეყანას და პირიქით, კარგია, მაგრამ ჯერ ამას ვერ ვხედავთ“, – განაცხადა სალუქვაძემ.