ამირან სალუქვაძე – ევროკავშირის ლიდერები მზად არ აღმოჩნდნენ, აშშ-თან პარტნიორებივით დამსხდარიყვნენ და ინტერესები შეეჯერებინათ, როცა პოზიციების შეჯერება ვერ ხდება, ძლიერი აყალიბებს თავის წესებს

00:48, 21.01.2026

შეიცვალა ინტერესები და დღეს ევროკავშირის ლიდერები მზად არ აღმოჩდნენ, რომ ამერიკასთან დამსხდარიყვნენ, როგორც პარტნიორები და ინტერესები შეეჯერებინათ, – ამის შესახებ ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქით, „ევროკავშირის დღევანდელ სუბიექტებთან მიმართებით ლიდერები საერთოდ ხმამაღალი ნათქვამია“.

„საფრანგეთი რომ ავიღოთ, ვხედავთ, როგორ ექცევა ტრამპი მაკრონს. ძველი პრეზიდენტები გავიხსენოთ, მიტერანი და სხვები, მაშინდელი ურთიერთობები, დე გოლისთვის რომ ვინმეს ეკადრებინა, დე გოლი ვინ არისო და ასე შემდეგ, ხომ? დღეს ერთ-ერთი ფრანგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მაკრონის გამოსვლაზე სოციალურ ქსელში წერდა, ერთი საათი ილაპარაკა ევროპაზე და არც ერთხელ არ ახსენა საფრანგეთიო. აი, ეს ურთიერთობაა. ჩვენ ახლა მთლიან ევროპაზე არ ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ევროკავშირზეა საუბარი, შეიცვალა ინტერესები და დღეს ევროკავშირის ლიდერები მზად არ აღმოჩდნენ იმისთვის, რომ ამერიკასთან დამსხდარიყვნენ, როგორც პარტნიორები და ეს ინტერესები შეეჯერებინათ, როგორც სახელმწიფოთა შორის ხდება. სახელმწიფოებს შორის არის სტრატეგიული ურთიერთობები და ამ სტრატეგიულ ურთიერთობებშიც არის სხვაობა; არის უფრო ქვედა დონე ურთიერთობების და როგორ ყალიბდება ეს? ყალიბდება ინტერესების შეჯერებით. ამერიკას რომ სხვა ინტერესები უყალიბდება, სხვა ცენტრები რომ ჩნდება და ამერიკის ჰეგემონია, რაც იყო მთელი ათეული წლების განმავლობაში, აღარ მოქმედებს, ეს ხომ დროულად დასანახი და შესაჯერებელია? როცა ვერ ხდება ამ პოზიციების შეჯერება, ვინც ძლიერია, ის აყალიბებს შემდეგ თავის წესებს“, – განაცხადა სალუქვაძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა ტიპის მოლოდინი აქვს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით და რა შეიძლება, ხვალ დავოსის ფორუმზე მოხდეს, რადგან Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეებს ურჩია, მოემზადონ შეურაცხყოფისთვის, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ტრიბუნასთან დადგება, ამირან სალუქვაძემ განაცხადა, რომ დავოსის ფორუმზე ტრამპი იტყვის, რომ გრენლანდია მას სჭირდება და უნდა წაიღოს.

„ახლა პირდაპირ ლანძღვა-გინებაზე არ გადავა, მაგრამ შეურაცხყოფა ისიც არის, როცა შენს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, ანუ სუვერენიტეტის შელახვა სახელმწიფოსთვის ან რომელიმე გაერთიანებისთვის არის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, ხომ? ამაზე მეტი რაღა უნდა გაგიკეთონ, ტერიტორიას ასე პირდაპირ რომ გართმევენ? ეს იქნება მოსალოდნელი, რა თქმა უნდა, მწვავე განცხადებებს გააკეთებს და აქედან, სამწუხაროდ, საპასუხო სერიოზული არაფერი არ აქვთ“, – განაცხადა სალუქვაძემ.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, წესით, ეს უნდა ყოფილიყო პროგნოზირებადი და ევროკავშირში მანამდე უნდა დალაგებულიყვნენ.

„არაფერი ახალი არ ხდება, პოლიტიკაში იცვლება ძალები და იცვლება ძალთა ბალანსი, შესაბამისად, ხდება ინტერესების გადალაგება, ახალი პოლიტიკის აწყობა და იმარჯვებს ძლიერი. ეს არის ძალიან პრიმიტიულად და ძალიან მარტივად. ისტორიულ ფაქტებს როცა გადახედავ, არაფერი ისეთი არ ხდება. ჩვენ აქ თავს ვიმტვრევთ იმაზე, ჩვენ ქვეყანაზე როგორ აისახება, რა შეიძლება მოხდეს, აქ როგორ შეიძლება ეს განვითარდეს და ჩვენ როგორ არ უნდა გავეხვიოთ ამ ქარბუქში, რაც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს“, – განაცხადა სალუქვაძემ.

მისივე თქმით, უკრაინის ომის ფონზე დღეს ევროპა გახდა ფაქტობრივად მძევალი ამერიკის წინა ადმინისტრაციის პოლიტიკის და ეს ევროპას ჩამოეკიდა მთლიანად.

„ეს ფარულად არ ხდება, პირდაპირ ღიად გამოდის ტრამპი. ეს არ არის მხოლოდ ამ ერთი ადამიანის პოლიტიკა, არიან ძალიან დიდი ძალები. სერიოზული განცხადებები გვესმის სერიოზული ჯგუფებიდან, რომ არ ეთანხმებიან ტრამპის პოლიტიკას და ეს ამერიკისთვის დამღუპველი იქნება? არ ვგულისხმობ „დემოკრატებს“, რომლებიც ოპონენტები არიან, თუმცა იმ ბანაკიდანაც არ ხდება რამე განსაკუთრებული. ტრამპი ახლა, მაგალითად, თავისი პრეზიდენტობის პერიოდში გრენლანდიას თუ წაიღებს, ტრამპი რომ „დემოკრატებმა“ შეცვალონ, გრენლანდიას არავინ დააბრუნებს, ხომ? რასაც დაალაგებს დღეს ტრამპი, ისე გაგრძელდება. პარალელურ გაერო-ს ქმნის, მილიარდი დოლარი საწევრო და ასე შემდეგ, ანუ, სხვა რაღაც იქმნება და დღეს იმტვრევენ თავს, რას აკეთებს ტრამპი, გაერო-ს აუქმებს, ახალ გაერო-ს ქმნის თუ რას შვრება?“ – განაცხადა სალუქვაძემ.

მსგავსი