ამირან გულუაშვილი - ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობისთვის საჭირო იყო დაცვის მხარის მზაობა, რომ ამ თანხას გადაიხდიდა
ამირან გულუაშვილი - ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობისთვის საჭირო იყო დაცვის მხარის მზაობა, რომ ამ თანხას გადაიხდიდა

დღევანდელ სასამართლო პროცესამდე დაცვის მხარეს არ ჰქონია არანაირი მცდელობა, პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე ბრალდების მხარესთან დიალოგი ეწარმოებინა, – ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განმარტებით, იმისთვის, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიემართა, საჭირო იყო დაცვის მხარის მზაობა, რომ ისინი ამ თანხას გადაიხდიდნენ.

„კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად, მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით გადასინჯა აღკვეთის ღონისძიების საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, 17 თებერვალს ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა იმის გამო, რომ მან დაარღვია კანონი და არ შეასრულა მოსამართლის 3 ნოემბრის განჩინება გირაოს ოდენობის გაზრდის თაობაზე. 25 თებერვალს ბრალდების მხარემ დაცვის მხარეს საჯაროდ შევთავაზეთ, თუ ისინი მზად იქნებოდნენ, რომ გირაოს პირობა შეესრულებინათ, ბრალდების მხარე მოითხოვდა აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი ფორმით შეცვლას. ჩვენ ეს შეთავაზება ასევე დავაფიქსირეთ 8 აპრილს განცხადებაში. 25 თებერვლის შემდგომ, დღევანდელ სასამართლო პროცესამდე დაცვის მხარეს არ ჰქონია არანაირი მცდელობა, გაერკვია რეალურად ბრალდების მხარის შემოთავაზება და ეწარმოებინა ბრალდების მხარესთან დიალოგი პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით.

ჩვენ დაცვის მხარეს შევთავაზეთ, რომ თუ თანახმა იქნებოდა, შეთავაზების პირობები დაეკმაყოფილებინა, ბრალდების მხარე იშუამდგომლებდა, რომ პატიმრობა შეცვლილიყო, ანუ ლოგიკურად ბრალდებას რომ ეშუამდგომლა, უნდა ყოფილიყო წინარე დაცვის მხარის პოზიცია, რომ ის მზად იყო გადაეხადა გირაო“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.