ამირან გულუაშვილი - ივერი მელაშვილსა და ნატალია ილოჩოვას მოუწევთ დაბრუნება დაწესებულებებში, რომლებიც გუშინ დატოვეს
ამირან გულუაშვილი - ივერი მელაშვილსა და ნატალია ილოჩოვას მოუწევთ დაბრუნება დაწესებულებებში, რომლებიც გუშინ დატოვეს

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება გირაოს სანაცვლოდ არ ნიშნავს, რომ ისინი სასამართლომ გაამართლა.

როგორც ამირან გულუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, მელაშვილისა და ილიჩოვას საქმის განხილვა არც კი დაწყებულა.

„აღკვეთის ღონისძიების დროებით შეცვლა არ არის გამართლება. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს არ გაუმართლებია, მათი საქმის განხილვა ჯერ არც კი დაწყებულა. ეს პროცესი წარიმართება, ბრალდების მხარე გამოიკვლევს უტყუარ მტკიცებულებებს და ჩვენი პოზიცია, რომელიც მტკიცებულებებით არის გამყარებული, უდაოდ გამოიწვევს იმ მოცემულობას, რომ მათ, ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც გუშინ დატოვეს. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და მომავალში სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, აუცილებლად მოიხდიან სასჯელს იმ დანაშაულისთვის, რაც მათ რეალურად ჩაიდინეს. სახეზეა საკმაოდ მძიმე დანაშაული, რომელიც გულისხმობს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ 28 იანვარს გათავისუფლდნენ. გირაოს ოდენობა თითოეულისთვის 20 000 ლარს შეადგენს.