ამირან გოგიტიძე - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებთან დაუყოვნებლივ რეაგირებენ
ამირან გოგიტიძე - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებთან დაუყოვნებლივ რეაგირებენ

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაობასთან დაკავშირებით სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ ჯანდაცვის სამინისტროში ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას გასული 24 საათის მონაცემები გააცნო.

ბრიფინგზე მკაფიოდ განიმარტა 112-ში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მართვის პრინციპი – როდის ახდენენ გადაუდებელი დახმარების ჯგუფები მყისიერ რეაგირებას და როდისაა შესაძლებელი გამოძახების გახანგრძლივება.

„გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტთან სასწრაფო დახმარების ჯგუფები ოპერატიულად მიდიან და დაუყოვნებლივ რეაგირებას ახდენენ. პაციენტებთან, რომლებსაც არ ესაჭიროებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მათთან მიმართებით შესაძლოა, გარკვეული დაყოვნებით მოხდეს რეაგირება. როდესაც ხორციელდება ზარი გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერზე, 112-ზე, ხდება ზარების პრიორიტეტიზაციის მიხედვით დაყოფა. გარკვეული ჯგუფის პაციენტები თავშივე ხვდებიან ოჯახის ექიმთან შემდგომი მეთვალყურეობის მიზნით და მკურნალობის პერიოდს გადიან ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო გარკვეული ჯგუფის პაციენტები მისამართდებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართულებით, სადაც ასევე ხორციელდება შემდგომი ტრიაჟი“, – განაცხადა ამირან გოგიტიძემ.

მისივე ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟები საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად 3000 გამოძახებას ასრულებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა განახორციელეს სულ 210 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია, ბინიდან ცხელების ცენტრში 270 პაციენტის გადაყვანა, კლინიკიდან კარანტინში 69 პაციენტის მოთავსება, ბინიდან კარანტინში 43 პაციენტის, ხოლო ცხელების ცენტრიდან კოვიდკლინიკაში 37 პაციენტის ტრანსპორტირება. ასევე, კარანტინიდან კლინიკაში გადაყვანილი იქნა 18 პაციენტი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ მეორადი ტრიაჟის შედეგად, ოჯახის ექიმთან ასევე გადამისამართდა 92 შემთხვევა.

ბრიფინგზე საუბარი ასევე შეეხო სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსების ინფიცირების საკითხს.

„სამედიცინო პერსონალის ინფიცირების რაოდენობა გუშინდელი დღის მონაცემებით თბილისში იყო 10, ხოლო ჯამში მთელი საქართველოს მასშტაბით შეადგენს – 36-ს. მინდა აღვნიშნო, რომ სამედიცინო პერსონალი ქვეყნის მასშტაბით გვყავს დაახლოებით 4200 ადამიანი, ხოლო 36 ინფიცირებული ადამიანი, რა თქმა უნდა, არ გამოიწვევს გადაუდებელი დახმარების სერვისის მიწოდების შეფერხებას. კიდევ ერთხელ მინდა დავამშვიდო მოსახლეობა ამ კუთხით და ვთქვა, რომ გადაუდებელი დახმარების სერვისის მიწოდებას ქვეყნის მასშტაბით არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ჩვეულ რეჟიმში სამედიცინო ბრიგადები აგრძელებენ 24-საათიან რეჟიმში მუშაობას“, – განაცხადა ამირან გოგიტიძემ.

ამჟამად საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 332 ეკიპაჟი ემსახურება.

ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.