ამირან გიგუაშვილი - თუ საქართველოს პირველ პრეზიდენტს ვინმე მოკლავდა, უბირი არ იქნებოდა და დავალებას ისე შეასრულებდა, რომ კვალს წაშლიდა
ამირან გიგუაშვილი - თუ საქართველოს პირველ პრეზიდენტს ვინმე მოკლავდა, უბირი არ იქნებოდა და დავალებას ისე შეასრულებდა, რომ კვალს წაშლიდა

მკვლელობის კვალიფიკაციით საქმის წარმართვა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და 2015 წელს პროკურატურამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ როცა რეალური შედეგები უნდა დადებულიყო, სამართლებრივი განვითარების თვალსაზრისით, სრული სტაგნაცია დაიწყო, – ამის შესახებ ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საქმეზე საუბრისას პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამის შემდეგ, ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებს, თითოეული მათი უფლებისთვის, ხელახალი ბრძოლის დაწყება უწევთ. იგივე, გარდაცვლილის უფლებამონაცვლის სტატუსის მისანიჭებლად, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებს დაახლოებით სამწლიანი ბრძოლა დასჭირდათ, რათა ზვიად გამსახურდია თავისი მკვლელობის საქმეზე დაზარალებულად ყოფილიყო მიჩნეული და აღნიშნულ საქმეზე მისი ოჯახის რომელიმე წევრი უფლებამონაცვლე გამხდარიყო“, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, 2015 წელს, მას შემდეგ, რაც ზვიად გამსახურდიას საქმე განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირდა, რა დეტალები გამოიკვეთა და რის საფუძველზე მოხდა დაკვალიფიცირება, ადვოკატმა განაცხადა, რომ ეს, პირველ რიგში, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე იყო დაფუძნებული.

„არის საგამოძიებო მასალები, რომლის გახმაურების უფლება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ მაქვს და დიდი სურვილის რომ მქონდეს, ბუნებრივია, ამას ვერ გავაკეთებ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა ამ გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იყო. ამის შემდეგ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და დაკითხულ იქნა მოწმეები, რომელთა ჩვენებების და შეპირისპირების შედეგად პროკურატურამ ყველაზე სარწმუნო ვერსიად მკვლელობის ვერსია მიიჩნია“, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

მისი თქმით, საქმის მასალებში არის, რომ ეს კონკრეტული მკვლელობა სპეცსამსახურების იმჟამინდელმა თანამშრომლებმა შეასრულეს.

„ბუნებრივია, თუ საქართველოს პირველ პრეზიდენტს ვინმე მოკლავდა, ის ვიღაც უბირი ადამიანი, ან მონადირე არ იქნებოდა, რომელიც ამ დავალებას ისე შეასრულებდა, რომ ყოველგვარი კვალის წაშლა შესაძლებელი გამხდარიყო; ყოველ შემთხვევაში, ამ კვალის დადგენა მაქსიმალურად გართულებულიყო“, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, სპეცსამსახურების ეს თანამშრომლები უკვე, ორი წლის განმავლობაში იკითხებიან.

„სულ 8-10 კაცია, ოღონდ, ორ თვეში ერთხელ ჯერ ერთს დაუძახებენ და დაკითხავენ, მერე მეორეს და ა.შ. იმის ნაცვლად, რომ საგამოძიებო მოქმედებები სწრაფად, ეფექტურად ჩატარდეს, მათი მოყვანა ერთობლივად მოხდეს, შეიძლება ისინი ასეთ რეჟიმში დაიკითხონ და კითხვის ფორმულირება იმგვარი იყოს, მასზე წინასწარი პასუხი აბსოლუტურად ცხადი იყოს? მაგალითად, უტრირებას თუ მოვახდენთ – თქვენ მოკალით ზვიად გამსახურდია? ან, კონკრეტული ინფორმაციული წყაროდან თქვენ ბრალი გედებათ, თითქოს, პრეზიდენტის მკვლელობა თქვენ განახორციელეთ და შეესაბამება თუ არა აღნიშნული სიმართლეს და ა.შ“, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

ამირან გიგუაშვილის თქმით, სპეცსამსახურების იმჟამინდელი თანამშრომლების ასეთი ინტენსივობით და ფორმით დაკითხვა გამოძიების მიმართ უნდობლობას ქმნის და ამ საქმეში დღეს არსებული საგამოძიებო მოქმედებების ხარისხი უდიდეს შემთხვევაში, ვერანაირ მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.